Homeბიბლიაახალი აღთქმა

გამოცხადება 4

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება
ზეციური ღვთისმსახურება

41 ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და პირველი ხმა, რომელიც შემომესმა, საყვირივით დამელაპარაკა და მითხრა: „ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ“. მყისვე აღმოვჩნდი სულში და აჰა, ტახტი იდგა ცაში და ვიღაც იჯდა ტახტზე. ვინც იჯდა, შესახედაობით წააგავდა იასპის ქვას და სარდიონს. ხოლო ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით წააგავდა ზურმუხტს. ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, ხოლო ტახტზე ისხდა ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსლები და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ. ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი. ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი ანთია, რომელიც ღვთის შვიდი სულია. ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა,
ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ – ოთხი ცხოველი, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე. პირველი ცხოველი ლომს ჰგავდა, მეორე ცხოველი ხბოს ჰგავდა, მესამე ცხოველს ადამიანივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი მფრინავ არწივს ჰგავდა. ამ ოთხი ცხოველიდან თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ და შიგნით თვალები იყვნენ სავსენი. არც დღით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ:
„წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა“. როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომარეს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, 10 ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს. თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს: 11 „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“.

თავი მესამე                                                                                                                                             თავი მეხუთე

COMMENTS