ზეცა და ანგელოზები ბიბლიის მუხლები

 გამოცხადება 8:2
ვიხილე შვიდი ანგელოზი, ღვთის წინ რომ იდგნენ; და მიეცა მათ შვიდი საყვირი.

გამოცხადება 18:1
ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, ციდან რომ ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა; დედამიწა განათდა მისი დიდებით.

გამოცხადება 20:1
და ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა.

მათეს 25:31
ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.

მათეს 26:53
ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამაჩემს და ახლავე გამომიგზავნოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?

ლუკას 4:10
რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან,

ლუკას 22:43
ეჩვენა ანგელოზი ციდან და ამაგრებდა.

2 თესალონიკელთა 1:7-8
თქვენ კი შეჭირვებულებმა, ჩვენთან ერთად მოისვენოთ, როცა უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად, და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,

ებრაელთა 1:6
ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა.

1 პეტრეს 3:22
რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.

მათეს 24:31
იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.

ებრაელთა 1:14
განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათთვის სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც გადარჩენა უნდა დაიმკვიდროს?

დაბადება 21:17
ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.

საქმეები 27:23-24
რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები, და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.

გამოსვლა 14:19
და ღვთის ანგელოზი, რომელიც წინ მიუძღოდა ისრაელის ბანაკს, უკან ამოუდგა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და დადგა ისრაელიანთა უკან.

4 მეფეთა 6:15-17
ადგა დილაადრიან ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა და, აჰა, ლაშქარი შემორტყმია ქალაქს ცხენებითა და ეტლებით. ჰკითხა მსახურმა: ვაი, ბატონო, როგორ მოვიქცეთ? მიუგო ელისემ: ნუ გეშინია, რადგან ჩვენს მხარეს უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მათთან. ასე ილოცა ელისემ: უფალო, გთხოვ აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა ჭაბუკს თვალი და ხედავს: აჰა, მოფენილია მთა ელისეს ირგვლივ ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.

ფსალმუნები 90:11
რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან ყველა შენს გზაზე.

მათეს 18:10
ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.

გამოცხადება 7:2-3
და ვიხილე მზის აღმოსავლიდან ამომავალი სხვა ანგელოზი, ცოცხალი ღმერთის ბეჭდის მქონე, რომელმაც დიდი ხმით შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც უფლება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ დედამიწისა და ზღვისთვის, და უთხრა: ნუ ავნებთ დედამიწას, ზღვასა და ხეებს, ვიდრე დავბეჭდავდეთ ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს.

ზაქარია 6:5
მიპასუხა ანგელოზმა და მითხრა: ესენი ცის ოთხი სულია, მთელი ქვეყნის ბატონთან წარდგომის შემდეგ გამოდიან.

მათეს 1:20
ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.

მათეს 2:13
მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.

მათეს 28:5-7
ანგელოზმა კი დედაკაცებს მიმართა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ არ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა. მოდით და ნახეთ ის ადგილი, სადაც იწვა. ახლავე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.

საქმეენი 8:26
უთხრა უფლის ანგელოზმა ფილიპეს: ადექი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, რომელიც იერუსალიმიდან ღაზას ეშვება.

საქმეები 10:3-5
მეცხრე საათი იქნებოდა, ჩვენებაში ღვთის ანგელოზი რომ იხილა ცხადად, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: კორნელიუს!მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: რა არის, უფალო? უთხრა: შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად. გაგზავნე ახლა კაცები იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება.

დანიელი 6:22
თავისი ანგელოზი წარმოგზავნა ჩემმა ღმერთმა, რომელმაც პირები დაუხშო ლომებს; არაფერი უვნიათ ჩემთვის, ვინაიდან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და არც შენ წინაშე ჩამიდენია დანაშაული!

საქმეები 5:19
მაგრამ ღამით, უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:

საქმეები 12:7
და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: ჩქარა ადექი! და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა.

დაბადება 28:12
და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თხემი ზეცას სწვდებოდა; ზედ კი უფლის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ.

იოანეს 1:51
უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!