ძველი აღთქმა
დანიელი
61 კეთილად მიიჩნია დარიოსმა თავის სამეფოში ასოცი სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ. 2 მათ კი სამი მთავარი დაუყენა, მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის ჩაებარებინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა. 3 მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად გამოირჩა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი. 4 მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა. 5 მაშინ ამ კაცებმა თქვეს: „დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთ.” 6 მთავრები და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს: „მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე! 7 სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა გამოცემულიყო სამეფო დადგენილება და შემოღებულიყო მტკიცე აკრძალვა, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული. 8 ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს აკრძალვა და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, მიდიელთა და სპარსელთა კანონისამებრ, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია.” 9 ამიტომ ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა სიგელსა და აკრძალვას. 10 როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი იქნა ხელმოწერილი, შინ წავიდა. მისი ზემოთვალის სარკმლები იერუსალიმის მხარეს იყო გაღებული. დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ლოცულობდა და მადლს სწირავდა თავისი ღმერთის წინაშე, როგორც ამას მანამდე აკეთებდა. 11 მაშინ ის კაცები მივიდნენ და წაასწრეს დანიელს, როცა იგი ლოცულობდა და თავისი ღმერთის წინაშე წყალობას ითხოვდა. 12 მერე ეახლენ და მეფეს მოახსენეს მეფის აკრძალვის თაობაზე: „განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც ოცდაათი დღის განმავლობაში, შენს გარდა რომელიმე ღმერთს ან კაცს, მეფეო, მიმართავს თხოვნით, ლომების ხაროში იქნება ჩაგდებული?” მიუგო მეფემ და უთხრა: „ჭეშმარიტია ეს სიტყვა, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია.” 13 მაშინ მიუგეს მათ და თქვეს მეფის წინაშე: „მეფეო, დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგანი,არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენს მიერ ხელმოწერილ აკრძალვას. დღეში სამჯერ ითხოვს თავის სათხოვარს. 14 ეს რომ მეფემ გაიგო, ძალზე შეწუხდა და დანიელის ხსნა ჩაიდო გულში. მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას. 15 მაშინ ის კაცები მივიდნენ და უთხრეს: „იცოდე, მეფეო, მიდიელთა და სპარსელთა კანონია, რომ მეფის ყოველი აკრძალვა და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს.” 16 მაშინ ბრძანა მეფემ და მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „დაე, იმ შენმა ღმერთმა გიხსნას, რომელსაც ემსახურები!” 17 მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს დაადეს თავზე. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო. 18 მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა, თავშესაქცევი არ მოუტანიათ მის წინაშე, და ძილიც გაუკრთა. 19 ალიონზე, განთიადისას, ადგა მეფე და სასწრაფოდ ლომების ხაროს მიაშურა. 20 ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით შესძახა მეფემ დანიელს და უთხრა: „დანიელ, ცოცხალი ღმერთის მსახურო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, მუდამ რომ ემსახურები?” 21 მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! 22 ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც ბრალი არა მაქვს მე, მეფეო.” 23 მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და ბრძანა დანიელი ხაროდან ამოეყვანათ. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. არაფერი ვნებოდა, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა. 24 მეფემ ბრძანა და მოიყვანეს ის კაცები, რომელთაც დანიელი დააბეზღეს, და ლომების ხაროში ჩაყარეს ისინი, მათი შვილები და ცოლები. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ, რომ ებდღვნენ ლომები და ძვლები დაულეწეს. 25 მაშინ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას – მთელი ქვეყნის მკვიდრებს – მისწერა: „მშვიდობა გაგიმრავლდეთ! 26 ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოდნენ და შიშობდნენ დანიელის ღმერთის წინაშე, რადგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება უსასრულო. 27 იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და მიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან.” 28 წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა და კიროს სპარსელის მეფობის დროს.