ესაია 2:2-4
უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთა უფლის სახლისა, მთათა სათავეში განმტკიცდება, ბორცვებზე ამაღლდება და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დინებას. მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა“. ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან – ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.
მიქა 4:1-3
და იქნება უკანასკნელ დღეებში, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში განმტკიცდება, ამაღლდება იგი გორაკებზე და ყოველი ხალხი მისკენ დაიწყებს დინებას. მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა“. მრავალ ხალხს შორის სამართალს განსჯის და ამხელს ძლიერ, შორეულ ერებს; ისინი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ და შუბებისგან – ნამგლებს; აღარ აღმართავს მახვილს ერი ერზე და ომს აღარავინ ისწავლის.
ესაია 9:6-7
რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი. განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.
ესაია 11:1-9
გამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და რტო მისი ფესვისა ნაყოფს გამოიღებს. და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა. უფლის მოშიშებით აღივსება იგი, არც თავისი შეხედულებისამებრ განსჯის და არც თავისი ყურით გაგონილის მიხედვით ამხელს. სიმართლით განიკითხავს ღატაკთ და მიუკერძოებლად განიკითხავს ჩაგრულთათვის ქვეყანაზე; თავისი ბაგის კვერთხით დამწყემსავს ქვეყანას და თავისი ბაგეთა მონაბერით წარხოცავს ბოროტს. სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება – სარტყელი მისი თეძოებისა. იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი. ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს. არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.
ესაია 35:20-25
აღარ იქნება იქ ჩვილი ან მოხუცი, რომელიც არ გაასრულებს თავის დღეებს, რადგან ასი წლისაც ყმაწვილივით მოკვდება, და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება. ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. სხვათა საცხოვრებლად არ ააშენებენ და სხვათა საჭმელად არ გააშენებენ, რადგან დღეები ჩემი ხალხისა ხის დღეებივით იქნება და თვითონვე გაცვეთენ თავიანთი ხელის ნამოქმედარს ჩემი რჩეულნი. ამაოდ არ იშრომებენ და შფოთისთვის არ გააჩენენ, რადგან უფლის მიერ კურთხეული თესლის არიან და მათი შთამომავალიც მათთან ერთად. და იქნება, სანამ მომიხმობენ – ვუპასუხებ, ჯერ კიდევ ლაპარაკში იქნებიან, რომ შევისმენ. მგელი და კრავი ერთად იბალახებენ; ლომი, ხარივით შეჭამს თივას, გველს კი მტვერი ექნება საჭმელად. აღარ ავნებენ და დააზიანებენ ისინი მთელს ჩემს წმიდა მთაზე! – ამბობს უფალი.
იერემია 33:15
იმ დღეებში და იმ დროს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს და ის აღასრულებს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაში.
იერემია 33:16
იმ დღეებში გადარჩება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება იერუსალიმი. ესაა სახელი, მას რომ უწოდებენ: უფალია ჩვენი სამართლიანობა!
ოსია 3:5
ამის შემდეგ მოიქცევიან ისრაელის ძენი და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მოშიშებით წარსდგებიან უფლისა და მისი სიკეთის წინაშე.
ესაია 25:9
იტყვიან იმ დღეს: „აჰა, ესაა ჩვენი ღმერთი, მას ველოდით და გვიხსნა, უფალს ველოდით და ვხარობთ და ვზეიმობთ მისმიერი ხსნით“.
იერემია 50:4
იმ დღეებში და იმ ჟამად, ამბობს უფალი, მოვლენ ისრაელის ძენი და იუდას ძენი, ერთად ივლიან და გზადაგზა იტირებენ, ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
იოველი 3:1
აჰა, იმ დღეებში და იმ დროს იქნება: დავაბრუნებ ტყვეობაში მყოფ იუდასა და იერუსალიმს.
ზაქარია 8:23
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ დღეებში ათი კაცი ყველა ერისა და ენისგან მოეჭიდება იუდას კაცის სამოსელის კიდეს და იტყვიან: წამოვალთ თქვენთან, რადგან გავიგეთ, რომ თქვენთანაა ღმერთი.
ესაია 13:6-12
იტირეთ, რადგან ახლოსაა უფლის დღე; მოვა, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან. ამიტომაც მოდუნდება ყველა მკლავი და ყველა ადამიანის გული შედრკება. შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობთ მშობიარესავით, გაოგნებულნი მიუტრიალდებიან ერთიმეორეს, ცეცხლის ალივით აენთებათ სახეები. აჰა, მოდის უფლის დღე, სასტიკი მძვინვარებისა და მგზნებარე რისხვისა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და ცოდვილნი წარხოცოს მისგან. რადგან ცის ვარსკვლავნი და თანავარსკვლავედნი აღარ გამოაბრწყინებენ თავიანთ სინათლეს, წყვდიადი იქნება მზის ამოსვლისას, მთვარე აღარ მოაფენს თავის სინათლეს. მოვინახულებ ქვეყნიერებას ბოროტების გამო და ბოროტეულთ – მათი უმართლობის გამო; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა სიამაყეს და მტარვალთა ქედმაღლობას დავამცირებ. კაცს ბაჯაღლოზე ძვირფასად ვაქცევ და ადამიანს – ოფირის ოქროზე.
ეზეკიელი 30:3
ვინაიდან ახლოა დღე და ახლოა დღე უფლისა, მოქუშული დღე; დგება ჟამი ხალხებისა.
ამოსი 5:18-20
ვაი, თქვენ, უფლის დღეს რომ ნატრულობთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელი იქნება ის და არა ნათელი. როგორც ლომს რომ კაცი გაექცეს და დათვს გადაეყაროს, ან სახლში მივიდეს, კედელს ხელით მიეყრდნოს და გველმა უკბინოს. განა ბნელი არ იქნება უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადი იქნება, შუქის ნატამალი არ იქნება მასში.
საქმეები 2:19-20
ვუჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს – დაბლა დედამიწაზე, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და ბრწყინვალე.
1 პეტრეს 1:20
რომელიც წუთისოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს მოგვევლინა თქვენი გულისთვის,
მარკოზის 1:15
ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“
მათეს 12:28
მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო.
ლუკას 8:1
ამის შემდეგ დადიოდა იგი ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან ერთად იყვნენ,
საქმეები 2:16-17
მაგრამ ესაა ის, რაც ითქვა იოელ წინასწარმეტყველის მიერ: ‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – გადმოვღვრი ჩემი სულისაგან ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკები ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.