მეორე რჯული 11:26-28
აჰა, კურთხევას და წყევლას ვდებ თქვენ წინ: კურთხევას – თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომლებსაც მე გიბრძანებთ დღეს; წყევლას – თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ იმ გზას, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს და გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.
მეორე რჯული 30:15-16
აჰა, შენს წინაშე დამიდევს დღეს სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება, რომელთაც იმისთვის გამცნებ დღეს, რომ შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, წესები და სამართალი; და იცოცხლებ, გამრავლდები და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
იესო ნავეს ძე 24:15
და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ – იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ – ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.
1 ნეშტთა 28:9
შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას – იპოვი, თუ მიატოვებ – სამუდამოდ უარგყოფს.
იერემია 26:3
იქნებ შეისმინონ და მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან. მაშინ აღარც მე დავუშვებ იმ უბედურებას, მათ რომ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო.
ეზეკიელი 18:21-23
ბოროტი კი, თუ ზურგს შეაქცევს მთელ თავის ცოდვებს, რაც ჩაიდინა, დაიცავს ყველა ჩემს წესს და აღასრულებს სამართალსა და სიმართლეს – უცილობლად იცოცხლებს, არ მოკვდება! აღარ გაუხსენებენ მას თავის სიმართლეში, რასაც აღასრულებს, არცერთ დანაშაულს, რაც ჩადენილი აქვს და იცოცხლებს! განა მახარებს ბოროტის სიკვდილი? ამბობს უფალი ღმერთი, განა არ მინდა, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?
ესაია 55:6
ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ რადგან ახლოსაა.
ამოსი 5:4
ასე ეუბნება უფალი ისრაელის სახლს: მეძებეთ, რომ იცოცხლოთ.
საქმეები 2:21
და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
რომაელთა 10:11
რადგან ამბობს წერილი: „ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება”.
რომაელთა 7:14-20
რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ კეთილია იგი. მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა! ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს.
რომაელთა 6:16
ნუთუ არ იცით, რომ ვისაც გადასცემთ თქვენს თავებს, რათა იყოთ მისი მონა-მორჩილნი, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის.
რომაელთა 1:21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
დანიელი 5:20
მაგრამ, როდესაც მისი გული აღზევდა და სული ისე გაუკადნიერდა, რომ ამპარტავნულად იწყო მოქმედება, ჩამოგდებული იქნა სამეფო ტახტიდან და პატივაყრილი.
ეფესელთა 4:17-19
ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ დავდიოდეთ ისე, როგორც სხვა წარმართნი დადიან თავიანთი გონების ამაოებაში, დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
გამოსვლა 9:12
გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
იგავნი 28:14
ნეტარია კაცი, რომელიც მუდმივად ფრთხილობს, გულის გამქვავებელი კი უბედურებაში ჩავარდება.
ებრაელთა 4:7
კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: „დღეს, – ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი – თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”.