HomeUncategorized

დანიელი 5

ძველი აღთქმა
დანიელი

51 მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდებულს და იმ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს. 2 ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა, რომ მოერთმიათ მისთვის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს, მამამისს, გამოტანილი ჰქონდა იერუსალიმის ტაძრიდან, რათა მეფეს, მის დიდებულებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ესვათ. 3 მაშინ მოიტანეს ის ოქროს ჭურჭლეული, რომელიც წამოღებული იყო ტაძრიდან, ღვთის სახლიდან, რომელიც იერუსალიმში იყო. იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები. 4 სვამდნენ ისინი ღვინოს და ადიდებდნენ ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს. 5 სწორედ ამ დროს გამოჩნდა კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა. 6 მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრებმა შეაშფოთეს. თეძოს სახსრები დაუდუნდა, მისი მუხლები ერთმანეთს ეხლებოდა. 7 ხმამაღლა იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდეველები, მკითხავები მოეყვანათ, მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: „ვინც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე გახდება მთავარითა შორის.” 8 მაშინ მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მეფისათვის მისი მნიშვნელობის ახსნა ვერ შეძლეს. 9 მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და სახეზე ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდებულებიც. 10 მეფისა და დიდებულების ლაპარაკზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შემოვიდა. მიუგო დედოფალმა და უთხრა: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაძრწუნებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება სახეზე ფერი! 11 შენს სამეფოში ერთი კაცია, რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე – ღმერთების სიბრძნის დარი. მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა, მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და გრძნეულების მთავრად დააყენა. 12 ეს იმიტომ, რომ დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშაცარი დაარქვა, აღმოჩნდა საკვირველი სული, ცოდნა და გონიერება და უნარი სიზმრის ახსნისა, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნისა. ახლა დანიელს დაუძახეთ და ის იტყვის ახსნას.” 13 მაშინ მოიყვანეს დანიელი მეფის წინაშე. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „შენა ხარ ის დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგან, რომელნიც მამაჩემმა – მეფემ იუდადან წამოასხა? 14 შენზე გაგონილი მაქვს, რომ შენში ღვთის სულია და ნათელი, გონიერება და საკვირველი სიბრძნე მოიპოვება. 15 ახლახან ბრძენკაცები და ჯადოქრები მყავდნენ მოყვანილნი ჩემს წინაშე წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ სიტყვის ახსნა. 16 შენზე გაგონილი მაქვს, რომ შეგიძლია მნიშვნელობის ახსნა და კვანძების გახსნა. თუ შენ ახლა შეძლებ ამ წარწერის ამოკითხვას და მისი მნიშვნელობის ახსნას ჩემთვის, ძოწეულით შეიმოსები, ყელზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებ და სამეფოში მესამე გახდები მთავართა შორის.” 17 მაშინ მიუგო დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: „შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც ვაუწყებ. 18 მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს, სამეფო, სიდიადე, პატივი და დიდება. 19 ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო. ვინც მას უნდოდა, ჰკლავდა, ვინც მას უნდოდა, ცოცხალს ტოვებდა, ვისაც უნდოდა, აღამაღლებდა და ვინც მას უნდოდა, დაამდაბლებდა. 20 მაგრამ, როდესაც გული აღუმაღლდა და სული ისე გაუმქისდა, რომ გაკადნიერდა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა. 21 მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან დაიდო ბინა. ბალახს აჭმევდნენ, როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და, ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას. 22 შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი. 23 შენ თავი აღაზევე ზეციერი უფლის წინააღმდეგ. შენს წინაშე მოიტანეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით იქიდან ღვინოს. ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ. ის ღმერთი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე. 24 მაშინ მოივლინა მისგან ხელის მტევანი და დაიწერა ეს წარწერა. 25 აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: ‘მენე, მენე, თეკელ უფარსინ.’ 26 აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე – აღრიცხა ღმერთმა შენი სამეფო და ბოლო მოუღო მას. 27 თეკელ – სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი. 28 ფერეს – გაიყო შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა იგი.” 29 მაშინ მეფე ბელშაცარმა ბრძანა და დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და გამოაცხადეს, რომ იგი სამეფოში მესამე მთავარი იქნებოდა. 30 იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე. 31 დარიოს მიდიელმა სამოცდაორი წლის ასაკში მიიღო სამეფო.
თავი მოეთხე                                                                                                                                        თავი მეექვსე

COMMENTS