მეორე რჯული 15:8
არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე საკმარისი მისი გაჭირვების კვალობაზე, რაც სჭირდება.
ებრაელთა 5:12
ვინაიდან დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ ჯერ ისევ ღვთის სიტყვის პირველსაწყისები გაქვთ შესასწავლი. მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ.
მათეს 3:14
იოანე წინაღუდგა და უთხრა: „მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან?”
ლუკას 10:39-42
მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და მის სიტყვას ისმენდა. მართა კი გულუხვად გამასპინძლებაზე ზრუნავდა. მივიდა და უთხრა: „უფალო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს”. მიუგო უფალმა და უთხრა: „მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ; საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა”.
მათეს 6:8
ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.
საქმეები 2:45
მამულებსა და ქონებას ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით.
გამოცხადება 21:23
ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი ლამპარი.
ლუკას 15:14
ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა.
2 კორინთელთა 9:12
ვინაიდან ამ საქმის მსახურება არა მარტო ავსებს წმიდანთა ნაკლებობას, არამედ ღვთისადმი მადლიერებასაც ამრავლებს;
ფილიპელთა 4:11-12
გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს. ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.
გამოსვლა 16:17-20
ასე მოიქცნენ ისრაელიანები, ზოგმა ბევრი აკრიფა და ზოგმა ცოტა. არწყეს ღომერით, ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ აღმოჩენია და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია. თითოეულმა იმდენი აკრიფა რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა. უთხრა მათ მოსემ: “ნურავინ მოიტოვებს ნარჩენებს დილამდე”. მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე დაიტოვეს; დაეხვია ნარჩენებს მატლი და ამყრალდა. და განურისხდა მათ მოსე.
ამოსი 4:6
კბილები აგიკაწკაწეთ ყველა თქვენს ქალაქში და პური მოგაკელით ყველა თქვენს ადგილზე, მაგრამ არ მობრუნდით ჩემკენ! – ამბობს უფალი.
მათეს 10:42
ვინც ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური”.
მარკოზის 6:35-43
უკვე გვიანი იყო; მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „ეს ადგილი უდაბურია და თანაც უკვე გვიანია. გაუშვი ეს ხალხი გარშემო სანახებსა და სოფლებში, რომ საზრდო იყიდონ თავიანთთვის”. მაგრამ მიუგო მათ და უთხრა: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი”. უპასუხეს: „წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?” უთხრა: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!” ნახეს და უთხრეს: „ხუთი და ორიც თევზი”. მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანე ბალახზე. და დასხდნენ მწყობრად, ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, პურები დატეხა და მოწაფეებს მისცა, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. ორი თევზიც ყველას გაუნაწილა. ყველამ ჭამა და გაძღა. დარჩენილი ნატეხებით კი თორმეტი გოდორი გაავსეს.
ლუკას 8:43-48
და იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა; მთელი ქონება ექიმებში დახარჯა, მაგრამ ვერავინ განკურნა. უკნიდან მიუახლოვდა, მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო და იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა. და იკითხა იესომ: „ვინ შემეხო?” ყველამ იუარა. პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?” ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან”. დაინახა ქალმა, რომ ვერ დაიმალა, ძრწოლით მიუახლოვდა, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა. უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!”
რომაელთა 5:6-8
რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის. ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის, შესაძლოა, ვინმემ კიდეც გაბედოს სიკვდილი. ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.
1 ტიმოთეს 5:3-8
პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან. ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის. ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს. განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია. ეს ამცნე, რათა ბრალდაუდებელნი იყვნენ. ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
1 ტიმოთეს 6:8
ამიტომ თუ საზრდო და ტანსაცმელი გვაქვს, დავჯერდეთ ამას.