პავლე მოციქულის წერილი ებრაელთა მიმართ
5 ასევე ქრისტეს არ უდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას: „ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ“. 6 როგორც სხვაგანაც ამბობს: „შენ მღვდელი ხარ საუკუნოდ მელქიცედეკის წესით“. 7 მან თავის ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დახსნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო. 8 და თუმცა ძე იყო, მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება. 9 და იგი სრულქმნილი, საუკუნო ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისათვის, 10 და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით.
გაფრთხილება განდგომილობაზე
11 ბევრი გვაქვს ჩვენ სალაპარაკო ამაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან ყურმძიმენი გახდით. 12 ვინაიდან ამდენ ხანში თქვენ უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით. მაგრამ თქვენ ისევ ღვთის სიტყვათა პირველსაწყისების სწავლება გჭირდებათ. თქვენ მაგარი საჭმელები კი არა, რძე გჭირდებათ. 13 ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგან ჩვილია. 14 მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.
თავი მეოთხე თავი მეექვსე