HomeUncategorized

ამოსი 4

ძველი აღთქმა
ამოსი

41 ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო, სამარიის მთებზე რომ ხართ, რომ ავიწროებთ ბეჩავთ, ღარიბ-ღატაკთ, რომ ეუბნებით თქვენს პატრონებს; „მოგვიტანე, რომ დავლიოთ!” 2 დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე: „და აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს შთამომავლებს თევზების ანკესებით. 3 ერთმანეთის მიყოლებით გახვალთ კედლის განანგრევში და დააგდებთ სასახლეს,”– ამბობს უფალი. – 4 „წადით ბეთლემში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები, ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს – თქვენი მეათედები. 5 შესწირეთ მადლი უფუარიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო”, – ამბობს უფალი ღმერთი. 6 „აკაწკაწებული კბილები მოგეცით ყველა თქვენს ქალაქში, და უპურობა – ყველა თქვენს ადგილზე, მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ,” – ამბობს უფალი. – 7 „წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი უწვიმარი ხმებოდა. 8 მიეხეტებოდა ორი-სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ,” – ამბობს უფალი. 9 „მუსრი გაგავლეთ ჟანგით და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვები და ზეთისხილი კალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ”, – ამბობს უფალი. – 10 „შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს თქვენს ნაალაფარ ცხენებთან ერთად, და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ” – ამბობს უფალი.– 11 „დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ,” – ამბობს უფალი. – 12 „ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელო, და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად, ისრაელო!” 13 რადგან, აჰა, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გამთელავი, უფალი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი!

თავი მესამე                                                                                                                                              თავი მეხუთე

COMMENTS