Home1ტიმოთე

1 ტიმოთეს 5

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ
მოვალეობანი სხვების მიმართ

51 ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი – როგორც ძმებს, დედაბრებს – როგორც დედებს, ყმაწვილქალებს – როგორც დებს, მთელი სიწმიდით.
   3 პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან. ხოლო თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის. ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთსაა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს. ავხორცი კი ცოცხლივ მკვდარია. ეს ამცნე, რათა უბიწონი იყვნენ. ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია. ქვრივად უნდა შეირაცხოს სამოც წლისაზე უხნესი, ერთი ქმრის ნაცოლარი, 10 ცნობილი კარგი საქმეებით, თუ მას გამოუზრდია შვილები, უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, დახმარებია გაჭირვებულებს და მიჰყოლია ყოველგვარ კეთილ საქმეს. 11 ახალგაზრდა ქვრივებს კი მოერიდე, ვინაიდან ეუფლებათ აღგზნება, ქრისტეს საწინააღმდეგო და გათხოვების სურვილი უჩნდებათ. 12 ისინი განისჯებიან, ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა. 13 და კიდევ: უსაქმურობაში ისწავლეს კარდაკარ სიარული, და არა მარტო უსაქმურნი არიან, არამედ ყბედებიც და ცნობისმოყვარენიც და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ შეშვენით. 14 ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და არ მისცენ მტრებს ლანძღვის არანაირი საბაბი. 15 ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა. 16 თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივები, დაეხმაროს მათ და ტვირთად არ დააკისრონ ეკლესიას, რათა მას შეეძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა.
   17 ხუცესნი, რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს, ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ, უფრორე კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით. 18 ვინაიდან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ და კიდევ: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა“. 19 ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე. 20 შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში. 21 ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, დაიცვა ეს წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე და არაფერი გააკეთო მიკერძოებით. 22 არავის დაასხა ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე. წმიდად შეინახე თავი. 23 ნუღარ სვამ მარტო წყალს, ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო.
   24 ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარ ცხადია და სამსჯავროსკენ მიუძღვება წინ, ზოგიერთს კი უკან მიჰყვება. 25 ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადია და, თუ არა, მაინც ვერ დაიმალება.

თავი მეოთხე                                                                                                                                           თავი მეექვსე

COMMENTS