რჩეულობის უპირატესობები – ბიბლიური ციტატები

მეორე რჯული 7:6-8
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლის, შენი ღმერთისათვის. შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყო მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან, რომელნიც დედამიწის ზურგზე არიან. მრავალრიცხოვნების გამო ვერ ამოგირჩევდათ თქვენ უფალი – თქვენ ხომ ყველა სხვა ხალხებზე მცირერიცხოვანი ხართ, არამედ, თქვენდამი მისი სიყვარულის გამო ამოგირჩიათ, და კიდევ იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, – აი ამიტომ გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის, ხელიდან.

მეორე რჯული 14:1-2
თქვენ ხართ ძენი უფლისა, თქვენი ღმერთისა. მკვდრის დატირებაზე ტანს ნუ დაისერავთ და თმას ნუ აიპარსავთ შუბლს ზემოთ. რადგან წმიდა ხალხი ხართ თქვენ უფლის, თქვენი ღმერთისათვის, და თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რომ მისი უნჯი ხალხი ყოფილიყავით, ყველა სხვა ხალხებს შორის დედამიწის ზურგზე.

1 ნეშტთა 16:13
შთამომავალნო ისრაელისა, მისი მსახურისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.

ესაია 41:8-9
ხოლო შენ, ისრაელ, ჩემო მსახურო იაკობ, რომელიც მე ამოგირჩიე, თესლო ჩემი საყვარელი აბრაამისა, შენ, რომელიც აგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი კუთხეებიდან მოგიხმე, გითხარი: „ჩემი მსახური ხარ შენ!“ მე ამოგარჩიე შენ და უკუ არ გაგდე,

ეზეკიელი 20:5-6
და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როდესაც მე ამოვარჩიე ისრაელი და ხელი აღვმართე იაკობის სახლის მოდგმისთვის, და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში, და აღვმართე მათთვის ჩემი ხელი და ვუთხარი, მე ვარ-მეთქი უფალი, თქვენი ღმერთი. იმ დღეს აღვმართე ჩემი ხელი ფიცით, რომ გავიყვანდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც გამოვძებნე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი და ქვეყნიერების მშვენება არის.

საქმეები 13:17-19
ისრაელის ხალხის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები და აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის ქვეყანაში ხიზნობისას, და მაღალი მკლავით გამოიყვანა იქიდან. და ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. და მოსპო შვიდი ერი ქანაანის ქვეყანაში და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა

ეზეკიელი 16:1-14
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული: ადამის ძევ! აუწყე იერუსალიმს მისი სისაძაგლენი. და თქვი: ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: ძირი შენი და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი ამორეველი იყო, დედაშენი – ხეთელი. და შობასა შენსა, შენი დაბადების დღეს, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის; წყლით არ განუბანიხართ გასასუფთავებლად, და მარილით არ დაუზელიხართ და სახვევებში არ შეუხვევიხართ. არავინ შემოგხედა სიბრალულის თვალით, რათა გაეკეთებინათ შენთვის ერთი ამათგანი სამადლოდ; და ველზე გადაგაგდეს შენი შობის დღეს, რადგან საძულველი იყავი. და მე ჩაგიარე და დაგინახე სისხლში მოსვრილი, და მე გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! ასე გითხარი, როცა შენს სისხლში იწექი: შენს სისხლში იცოცხლე და იზარდე; გაგამრავლე როგორც მცენარე ველისა. აღმოცენდი და გაიზარდე და ამაღლდი; და გახდი მშვენიერთა მშვენიერი! დაგაჩნდა ძუძუნი და თმა მოგეზარდა, შენ კი სამარცხვინოდ შიშველ-ტიტველი იყავი. მე ჩაგიარე და დაგინახე, და, აჰა, დაგდგომოდა ჟამი სიყვარულისა. და გადაგაფარე ჩემი კალთა და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, – ამბობს უფალი ღმერთი, – და გახდი ჩემი. დაგბანე წყლით, და ჩამოგრეცხე სისხლი და გცხე ზეთი. შეგმოსე ჭრელი სამოსლით და ფეხზე ჩაგაცვი ხამი ტყავის ხამლები; წელზე ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმის საბურველი შემოგავლე; შეგამკე სამკაულებით; ხელზე სამაჯურები შეგასხი და ყელზე შიბები შეგაბი; რგოლი გაგიკეთე ცხვირზე და საყურეები – ყურებზე; და სანაქებო გვირგვინი დაგადგი თავზე. შემკული იყავი ოქროთი და ვერცხლით; შენი სამოსელი ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი იყო. გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი. და დიდად გალამაზდი და სადედოფლო შეიქენ.  სახელი გაგივარდა ხალხებში შენი მშვენების გამო, რადგან სრულყოფილი ჩანდი ჩემი დიდებულებით, რომელიც მე დავდე შენზე, – ამბობს უფალა ღმერთი.

2 ნეშტთა 6:6
მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე, დასადგენად.’

4 მეფეთა 21:7
და გააკეთა აშერას კერპი და დადგა სახლში, რომელზეც ეუბნებოდა უფალი დავითსა და მის ძეს სოლომონს: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს;

ნეემია 1:9
ხოლო თუ მოიქცევით ჩემსკენ და დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდეც რომ იყოთ გაფანტულნი, იქიდან შეგაერთებთ და მოგიყვანთო იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო.

ფსალმუნები 32:12
ნეტარია ერი, ვისი ღმერთიც არის უფალი, ხალხი – მისგან მემკვიდრედ ამორჩეული!

ფსალმუნები 64:4
ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.

ფსალმუნები 105:4-5
გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით. რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.

ესაია 45:4
ჩემი მონის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისათვის მოგიხმე ჩემი სახელით, პატივი დაგდე, თუმცა შენ არ მიცნობდი მე.

ზაქარია 1:17
კიდევ მოუწოდე და თქვი: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: „კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.“

გამოსვლა 19:5-6
ამიერიდან, თუ შეისმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემი საუნჯე იქნებით ყველა ხალხთაგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფო და წმიდა ხალხი იქნებით ჩემთვის. აი, ამ სიტყვებს ეტყვი ისრაელიანთ!“

ამოსი 3:2
მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნიერების მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს.

რომაელთა 9:6-8
მაგრამ ისე არაა, რომ თითქოს ღმერთის სიტყვა დაეცა, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელი როდია. და ყველა, ვინც აბრაამის შთამომავალია, როდია მისი შვილი, რადგან ნათქვამია: „ისააკისგან დაერქმევა სახელი შენს ნაშიერს.“ ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღმერთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან ნაშიერად.

რომაელთა 11:7-8
მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენებს კი გული დაეხშოთ. როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე.“


მსგავსი თემები:

რჩეულობის მახასიათებლები       რჩეულობის აღწერა       რჩეულობის მოვალეობები