მარხვის წესი ბიბლიის მუხლები

იერემია 14:11-12
და მითხრა უფალმა: „ნუ ილოცებ ამ ხალხის კეთილდღეობისთვის; იმარხულებენ, მაგრამ არ შევისმენ მათ ვედრებას; სრულადდასაწველსა და პურეულ შესაწირს აღმივლენენ, მაგრამ არ მივიღებ; მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოვუღებ მათ ბოლოს”.

ესაია 58:1-7
„ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ, საყვირივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს – მისი ცოდვები. თუმცა ყოველდღე მეძებენ და სურთ გაიგონ ჩემი გზები, იმ ერების მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავისი ღმერთის სამართალს რომ არ გაურბიან; მართალ განკითხვას რომ ეძიებენ და ღმერთთან სიახლოვეში რომ ნეტარებენ. რისთვის ვიმარხულეთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის დავიმდაბლეთ თავი, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს საწადელს იკმაყოფილებთ და მუშაკებს ავიწროებთ. აჰა, იმისთვის მარხულობთ, რომ იდავოთ, იშუღლოთ და ბოროტად ურტყათ მუშტები; არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა შესმენილ იქნეს თქვენი ხმა ზეცაში. განა ასეთი მარხვა ავირჩიე, დღე კაცმა რომ თავი დაიტანჯოს, ლერწამივით თავი დახაროს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი დაიგოს? ამას უწოდებთ მარხვას და უფლის სათნო დღეს? განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე – დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაგლიჯო უღლის აპეურები, გაათავისუფლო ჩაგრულნი და დალეწო ყველა უღელი? რომ მშიერს პური უწილადო და უსახლკარო ღატაკი სახლში შეიყვანო? შიშველს რომ ნახავ შემოსო და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?

ზაქარია 7:4-7
და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი: უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: ამ სამოცდაათი წლის მანძილზე რომ მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში, განა ჩემთვის მარხულობდით? როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ? განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ ილაპარაკა წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, როცა დასახლებული და დამშვიდებული იყო იერუსალიმი, მის გარშემო არსებულ ქალაქებთან, ნეგებთან და დაბლობთან ერთად?

მათეს 6:16-18
როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.

მათეს 9:14-15
მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ხშირად ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?” უთხრა მათ იესომ: „განა შეიძლება გლოვობდნენ მექორწილეები, ვიდრე მათთან არის ნეფე? მაგრამ დადგება დღე, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.

1 მეფეთა 14:24-30
გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: „წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს. ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე. ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს. არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები. მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: „ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”. თქვა იონათანმა: „გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე. რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”

ფსალმუნები 34:13
მე კი ძაძებს ვიცვამდი მათი სნეულების ჟამს, ჩემს სულს მარხვით ვიძაბუნებდი, მაგრამ ჩემი ლოცვა უკან მიბრუნდებოდა.

3 მეფეთა 21:27-29
როცა მოისმინა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა. გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბიელს, უთხრა: „ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე? იმის გამო, რომ ასე დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, არ დავათევ ბოროტებას მის სიცოცხლეში, მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ ბოროტებას მის სახლს”.

ეზრა 8:21-23
და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე და მისთვის გვეთხოვა, დაცული გზა ჩვენთვის, ჩვენი პატარებისთვის და მთელი ჩვენი ქონებისთვის, რადგან შემრცხვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები მეთხოვნა, მტრისგან თავის დასაცავად გზაზე, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: „ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა ეწინააღმდეგება მათ, ვინც მიატოვებს მას!” ვიმარხულეთ და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს და შეისმინა მან ჩვენი.

ფსალმუნები 68:10
ვტიროდი და ვმარხულობდი, მაგრამ ლანძღვა მივიღე,

1 მეფეთა 7:6
შეიკრიბნენ მიცფაში, ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე; იმარხულეს იმ დღეს და თქვეს: „შევცოდეთ უფალს”. და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეებს მიცფაში.

ნეემია 9:1-3
იმავე თვის ოცდამეოთხე დღეს მარხვით შეიკრიბნენ ისრაელის ძენი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მიწადაყრილნი. გამოეყვნენ ისრაელის შთამომავალნი ყველა უცხოელს, დადგნენ და თავიანთი ცოდვები და მამების უმართლობა აღიარეს. თავ-თავის ადგილებზე იდგნენ და მეოთხედი დღე უფლის, თავისი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, დღის მეორე მეოთხედი კი აღიარებასა და უფლის, თავიანთი ღმერთის თაყვანისცემაში იყვნენ.

იოველი 1:13-14
ძაძით შეიმოსეთ და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურებო! მოდით, ძაძებში გაათიეთ ღამე, ჩემი ღმერთის მსახურნო, რადგან შეწყდა თქვენი ღმერთის სახლში შესაწირი და საღვრელი. მარხვა დათქვით და საყოველთაო შეკრება გამოაცხადეთ. შეკრიბეთ უხუცესნი და ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის სახლთან და შეჰღაღადეთ უფალს.

იოველი 2:12-15
„თუმცა, ახლაც” – ამბობს უფალი, – „დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით; გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე. ვინ იცის, იქნებ მობრუნდეს და გვითანაგრძნოს, თან მოიყოლოს უფლის, თქვენი ღმერთის კურთხევა, მარცვლეული და საღვრელი შესაწირი. საყვირს ჩაბერეთ სიონზე, მარხვა დათქვით, გამოაცხადეთ შეკრება.

ნეემია 1:4
ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი; მრავალ დღეს ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე.

დანიელი 9:3
პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში.

მარკოზის 9:29
უპასუხა: „ეს მოდგმა სხვანაირად ვერ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით”.

ლუკას 2:37
ოთხმოცდაოთხ წელს მიტანებული ქვრივი იყო იგი, ტაძარს არ შორდებოდა, მარხვითა და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამე.

საქმეები 13:2-3
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”. მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.

საქმეები 14:23
ხელდასმით დაადგინეს თითოეული ეკლესიის ხუცესი და ლოცვითა და მარხვით მიუძღვნეს ისინი უფალს, რომელსაც ერწმუნენ.

1 კორინთელთა 7:3-5
ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა – ქმარს. ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ – ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ – ცოლი. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით, რომ ლოცვა-მარხვისთვის მოიცალოთ, და კვლავ ერთად იყავით, რათა სატანამ არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით.


მსგავსი თემები:

მარხვა       მარხვა გლოვის დროს       მარხვის მიზეზები       რეგულარული მარხვა