HomeUncategorized

1 მეფეთა 14

ძველი აღთქმა
1 მეფეთა
141 და უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: „წამოდი, გავიდეთ ფილისტიმელთა საყარაულოსთან, გაღმა მხარეს რომ არის.” მამისთვის არაფერი უთქვამს. 2 საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა, ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას. თან ახლდა ხალხი, ექვსასამდე კაცი, 3 და ახია, ძე ახიტუბისა, ძისა იქაბოდისა, ძისა ფინხასისა, ძისა ყელისა – შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი. 4 და იმ ვიწროებში, საიდანაც უნდოდა იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე რაზმთან გასვლა, ერთ მხარესაც კლდის შვერილი იყო და მეორე მხარესაც: ერთის სახელი – ბოცეცი, მეორისა – სენე. 5 ერთი შვერილი ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშის გასწვრივ, მეორე – სამხრეთიდან, გებაყის გასწვრივ. 6 და უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: „წამოდი, გავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საყარაულოსთან, ეგების გაგვამარჯვებინოს უფალმა, რადგან უფლისათვის არ არის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი.” 7 და უთხრა მას მისმა საჭურველთმტვირთველმა: „გააკეთე, რაც გულში გაქვს. მიდი, და აჰა, მეც შენთანა ვარ, როგორც შენს გულს სურს.” 8 თქვა იონათანმა: „აჰა, ჩვენ გავალთ მაგ ხალხთან და ვეჩვენებით მათ. 9 თუ ასე გვეტყვიან:‘შეიცადეთ, ვიდრე ჩვენ თქვენთან მოვიდოდეთ’, გავჩერდეთ ჩვენს ადგილზე და ნუ ავალთ მათთან. 10 და თუ ასე გვეტყვიან: ‘ჩვენთან ამოდით’. ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია ისინი უფალს. ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი.” 11 და ეჩვენენ ორივენი ფილისტიმელთა ყარაულს და თქვეს ფილისტიმელებმა: „აჰა, ებრაელები გამოდიან ხეობიდან, სადაც დამალულები იყვნენ.” 12 და გაეხმაურნენ მოყარაულენი იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: „ამოდით ჩვენთან და გაგაგებინებთ ამბავს.” და უთხრა იონათანმა საჭურველთმტვირთველს: „მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს.” 13 და ფორთხვით ავიდა ზევით იონათანი, უკან მისი საჭურველმტვირთველი მიჰყვა. და ეცემოდნენ იონათანის წინაშე, მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან ხოცავდა მათ. 14 ეს პირველი შეტაკება იყო, რომლის დროსაც ოცამდე კაცს გაავლეს მუსრი იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე. 15 და შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. და შეიძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი. 16 და დაინახეს საულის მოთვალთვალეებმა ბენიამინის გიბყადან, რომ იფანტებოდა ჯარი და აქეთ-იქით აწყდება. 17 და უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: „მოათვალიერეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენიანებიდან.” და მოათვალიერეს და აჰა, არც იონათანი ჩანს და არც მისი საჭურველთმტვირთველი. 18 და უთხრა საულმა ახიას: „მოიტანე ღვთის კიდობანი.” რადგან ისრაელის ძეთა შორის იყო იმ დღეს ღვთის კიდობანი. 19 და ვიდრე მღვდელს ელაპარაკებოდა საული, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს: „დაუშვი ხელი.” 20 და შეგროვდნენ საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი და მოვიდნენ ბრძოლის ადგილზე. და აჰა, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა და შეიქმნა მეტისმეტი არეულობა. 21 ებრაელები, ადრე რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელის ძეთ შეუერთდნენ, რომელნიც თან ახლდნენ საულსა და იონათანს. 22 ეფრემის მთებში მიმალულმა ყველა ისრაელის ძემ გაიგო ფილისტიმელების უკუქცევა და ისინიც გაჰყვნენ მათ ბრძოლაში. 23 იხსნა იმ დღეს უფალმა ისრაელი და ბეთ-ავენს გადასწვდა ბრძოლა. 24 გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: „წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე.” და მთელ ხალხს პირი არ დაუკარებია საჭმელისთვის. 25 მთელი ხალხი ტყეში წავიდა, და აჰა, თაფლი დევს მიწაზე. 26 და შევიდა ხალხი ტყეში და აჰა, თაფლის ღვარია, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცისა ეშინოდა ხალხს. 27 არ ჰქონდა გაგებული იონათანს, რომ დააფიცა მამამისმა ხალხი, გაიწოდა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო მისი წვერი გოლეულში და პირთან მიიტანა ხელი, და გაუნათდა თვალები. 28 და მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: „ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს, ვინც პური ჭამოსო დღეს.” და დაიქანცა ხალხი. 29 და თქვა იონათანმა: „გააწამა მამაჩემმა ქვეყანა. ხომ ხედავთ, თვალები გამინათდა, როგორც კი ეს ცოტა თაფლი გავსინჯე. 30 რა იქნებოდა, დღეს რამე ეჭამა ხალხს იმ ნადავლიდან, მტერს რომ დააგდებინა? უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?” 31 და მუსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი. 32 და მიცვივდა ხალხი ნადავლს, გამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დახოცა ისინი მიწაზე, და სისხლიანად ჭამდა ხალხი. 33 და შეატყობინეს საულს: „აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს.” და თქვა: „ღალატი გაქვთ ჩადენილი. ახლა მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი.” 34 და თქვა საულმა: „გადით ხალხში და უთხარით: მომიყვანეთ ყველამ თითო ხარი და თითო ცხვარი, აქ დაკალით და ჭამეთ. ნუ სცოდავთ უფალს, სისხლიანად ნუ ჭამთ.” და მოჰყავდა ყველას თავისი ხარი ღამით და კლავდა იქ. 35 და აუგო საულმა სამსხვერპლო უფალს. ამით დაიწყო უფლისთვის სამსხვერპლოების შენება. 36 და თქვა საულმა: „დავესხათ ფილისტიმელებს ამ ღამით და გათენებამდე ვარბიოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს.” და უთხრეს: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.” და თქვა მღვდელმა: „მივმართოთ აქ ღმერთს.” 37 და დაეკითხა საული ღმერთს: „დავესხა ფილისტიმელებს? თუ ჩააგდებ მათ ისრაელის ხელში?” და პასუხი არ გაუცია იმ დღეს. 38 და თქვა საულმა: „აქ მოდით, ერის თავკაცებო, და გაარკვიეთ, რა ცოდვა იყო დღეს ჩადენილი. 39 რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, თუ ჩემს ძეს, იონათანს, აწევს ცოდვა, მოკვდება!” და პასუხი არავის არ გაუცია ხალხიდან. 40 და უთხრა მთელს ისრაელს: „თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი მეორე მხარეს ვიქნებით.” მიუგო ხალხმა: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.” 41 და თქვა საულმა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო?” და დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა. 42 და თქვა საულმა: „წილი გვიყარეთ მე და ჩემს ძეს იონათანს.” და დაკავდა იონათანი. 43 და უთხრა საულმა იონათანს: „გამომიტყდი, რა ჩაიდინე?” და გამოუტყდა იონათანი და უთხრა: „ჩემი ჯოხის წვერით, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი გავსინჯე. აჰა, მოვკვდები.” 44 და თქვა საულმა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!” 45 და უთხრა ხალხმა საულს: „ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, თმის ერთი ღერიც არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა დღეს იგი.” და იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი. 46 და დაბრუნდა საული ფილისტიმელთა დევნიდან, და დაბრუნდნენ ფილისტიმელები თავიანთ ადგილზე. 47 და იპყრა საულმა მეფობა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბს, ყამონიანებს, ედომს, ცობას მეფეებს, ფილისტიმელებს და, საითკენაც გასწევდა, ყველგან იმარჯვებდა. 48 და შექმნა ლაშქარი და დაამარცხა ყამალეკი, და იხსნა ისრაელი მძარცველებისაგან. 49 საულის ვაჟები იყვნენ: იონათანი, იშვი და მალქიშუაყი. მის ორ ასულს ერქვა: პირმშოს – მერაბი, უმცროსს – მიქალი. 50 საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი – აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა. 51 კიში, საულის მამა, და ნერი, აბნერის მამა, აბიელის შვილები იყვნენ. 52 სასტიკი ბრძოლები იყო ფილისტიმელებთან საულის დროს. და დაინახავდა საული მაგარსა და გულად ვაჟკაცს და თავისთან მიჰყავდა.
თავი მეცამეტე                                                                                                                                  თავი მეთხუთმეტე

COMMENTS