ძველი აღთქმა
იოველი
11 უფლის სიტყვა, რომელიც იყო იოელ ფეთუელის ძის მიმართ: 2 ისმინეთ ეს, უხუცესებო! ყური დაუგდეთ ყველამ, ქვეყნის მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამების დროს? 3 უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა – თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა კი – სხვა თაობას: 4 მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი კუტკალიამ შეჭამა, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა. 5 გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს! 6 რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი. კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს. 7 გააჩანაგა ჩემი ვენახი და გაახმო ჩემი ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუთეთრდა ტოტები. 8 იტირე ძაძით მოსილი ყმაწვილქალივით, თავისი სიქალწულის ქმარს რომ დასტირის! 9 შეწყდა შესაწირავი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი. 10 გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა წვენი, გახმა ზეთისხილი. 11 გაწბილდნენ მხვნელები, მოთქვამენ მიწის მუშაკები პურზე და ქერზე, რადგან დაიღუპა სამკალი. 12 გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი და ვაშლი და მთელი ხეხილი: ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს. 13 შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და შეწყდა საღვრელი. 14 დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი, უფლის, თქვენი ღვთის, სახლთან და უფალს შეღაღადეთ. 15 ვაი, ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისაგან. 16 განა ჩვენს თვალწინ არ შეწყდა საზრდო, და უფლის სახლში – სიხარული და ლხინი? 17 ჩალპა მარცვალი კოლბოხების ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები, რადგან გადახმა პურები. 18 როგორ კვნესის პირუტყვი! როგორ ბღავის ნახირი! რადგან აღარა აქვთ საძოვარი; ცხვრის ფარაც შეშფოთებულია. 19 შენ შემოგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა მინდვრის ხეები. 20 ველის მხეცებიც შენ შემოგყურებენ, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები.
COMMENTS