იგავნი 26:7
რაღა კოჭლის უსარგებლო ფეხები და რაღა ბრიყვის ბაგეზე იგავი.
იგავნი 1:1-6
იგავნი სოლომონისა, დავითის, ისრაელის მეფის ძისა. სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად; ბრძნული დარიგების, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის მისაღებად; გულუბრყვილოთათვის საზრიანობის, ხოლო ყმაწვილთათვის ცოდნისა და განსჯის უნარის მისაცემად. მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და – დაკვალიანდება; იგავის, ქარაგმის, ბრძენთა სიტყვებისა და არაკების გასაგებად.
იგავნი 26:9
როგორც მთვრალი კაცის ხელში მოხვედრილი ეკალი, ისეა იგავი ბრიყვის ბაგეზე.
იგავნი 1:10
იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
იგავნი 25:1
ესეც სოლომონის იგავებია, რომლებიც იუდას მეფის, ხიზკიას კაცებმა გადაიწერეს.
იგავნი 15:33
უფლის შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს; და დიდებას წინ მორჩილება უსწრებს.
იგავნი 10:13
ბოროტისა და კეთილის განმასხვავებლის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი – ჯოხი.
იგავნი 11:2
მოვა ამპარტავნობა და მოჰყვება შერცხვენა, თავმდაბლობას კი სიბრძნე ახლავს.
იგავნი 12:8
კაცს მისი გონიერების მიხედვით შეაქებენ, გულმრუდეს კი მოიძულებენ.
იგავნი 13:10
ქედმაღლობასა და თავხედობას მხოლოდ შეხლა-შემოხლა მოსდევს, რჩევის მძებნელთ კი სიბრძნე აქვთ.
იგავნი 14:8
წინდახედულის სიბრძნე თავისი გზის შეცნობაშია, ბრიყვთა სიბრიყვე კი – საკუთარი თავების მოტყუებაში.
იგავნი 16:16
სიბრძნის შეძენა ოქროზე ბევრად უკეთესია, გონიერების შეძენა – რჩეულ ვერცხლზე უმჯობესი.
იგავნი 18:4
კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, სიბრძნის წყარო – მოჩუხჩუხე ნაკადული.
იგავნი 30:15-16
წურბელას ორი ასული ჰყავს: მომეცი, მომეცი! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა! ქვესკნელი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასოდეს იტყვიან: კმარა!
იგავნი 1:10-19
შვილო, თუ შეეცდებიან ცოდვილნი შენს შეცდენას, ნუ დაჰყვები მათ ნებას. რომ გითხრან: წამოგვყევი, ჩავუსაფრდეთ სისხლის დასაღვრელად, უდანაშაულოს უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ, ქვესკნელივით ჩავყლაპოთ ისინი, ცოცხლად და მთლიანად, სამარეში ჩამსვლელთა მსგავსად, ყოველგვარ ძვირფასეულობას მოვიპოვებთ, ნადავლით ავივსებთ სახლებს, ჩვენთან იყარე წილი, ერთი ქისა გვექნება ჩვენ ყველასო! შვილო, ნუ ივლი მათ გზაზე, აარიდე ფეხი მათ გზასავალს, რადგან მათი ფერხნი ბოროტების ჩასადენად გარბიან და სისხლის საღვრელად ისწრაფიან; ვინაიდან, ამაოებაა ფრინველის თვალწინ ბადის გაშლა; ხოლო ისინი საკუთარი სისხლის საღვრელად საფრდებიან და თავიანთი სიცოცხლის წასაგებად დარაჯობენ. ასეთია გზა ყველა ძალადობით მომხვეჭელისა, სიცოცხლეს ართმევს მის პატრონს.“
იგავნი 3:1-10
შვილო! ჩემს მოძღვრებას ნუ დაივიწყებ და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა, რადგან დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და მშვიდობას შეგმატებენ. წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, ყელზე მოიბი, გულის ფიცარზე დაიწერე. მადლსა და კეთილგონიერებას მოიპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში. მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს. ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე. კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და სინედლე შენი ძვლებისთვის. პატივი ეცი უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველნაყოფიდან; და დოვლათით გაივსება შენი ბეღლები და მაჭარი იდინებს შენი საწნახლიდან.
იგავნი 7:1-5
შვილო, ჩემი ნათქვამი დაიცავი და შენში დაიუნჯე ჩემი მცნებანი. დაიცავი ჩემი მცნებები და მოძღვრებები, როგორც საკუთარი თვალის ჩინი და იცოცხლებ. თითებზე დაიბნიე და გულის ფიცარზე დაიწერე. უთხარი სიბრძნეს: „ჩემი და ხარ შენ” და ახლო მეგობარი უწოდე გონიერებას. რათა დაგიფაროს სხვისი ცოლისგან, უცხო ქალისგან, ლაპარაკით რომ ხიბლავს;
იგავნი 5:1-23
შვილო, ჩემს სიბრძნეს მოუსმინე და ყური მიაპყარ ჩემს გონიერებას, რათა შეგეძლოს განსჯა და ცოდნის სადარაჯოზე იყვნენ შენი ბაგენი. რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთზე ნაზია მისი საუბარი. ნაღველივით მწარეა მისი ბოლო და ბასრი – ორლესული მახვილივით. სიკვდილში ჩადის მისი ფეხები, ქვესკნელისკენ მიემართება მისი ნაბიჯები. სიცოცხლის გზაზე არ ფიქრობს, არამყარია მისი გზები, ვერაფერი გაუგია. ახლა მე მომისმინეთ შვილებო და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს. შორს იყოს მისგან შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები, თორემ, სხვებს მისცემ შენს ძალას და წლებს შენსას – დაუნდობელს, შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი – უცხოტომელისა. ბოლოს კი აკვნესდები, როცა ჩამოგიხმება ხორცი და ტანი, იტყვი: „როგორ შევიძულე დარიგება და უკუაგდო შეგონება ჩემმა გულმა; არც ჩემს მასწავლებელს მოვუსმინე და არც ჩემს დამრიგებელს დავუგდე ყური. ლამის საბოლოოდ გავნადგურდი ხალხსა და კრებულში”. სვი წყალი შენი წყალსატევიდან და ნაკადული შენი ჭიდან, რად უნდა იღვრებოდეს შენი წყაროები ქუჩაში და წყლის ნაკადები – მოედნებზე? მხოლოდ შენი იყოს ისინი და არ შეგეზიარონ უცხონი. კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყმაწვილის ცოლით, მოსიყვარულე ფურ-ირმითა და მადლიანი ქურციკით. დაე, მისი მკერდი გარწყულებდეს ყოველთვის და მუდამ გიტაცებდეს მისი სიყვარული! შვილო, რად უნდა გატყვევებდეს უცხო ქალი და ეხვეოდე მკერდს უცხოტომელისას? რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზანი და მის ყველა ბილიკს ის სწონის. ბოროტეული საკუთარი ურჯულოებით იქნება შეპყრობილი და მისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება. შეგონების გარეშე მოკვდება იგი და თავისი სიბრიყვის სიმრავლით დაიკარგება.
იგავნი 31:20-31
გამრჯე ცოლს ვინ იპოვის? მარგალიტზე ძვირფასია იგი. დანდობილია მასზე მისი ქმრის გული და შემოსავალი არ მოაკლდება. სიკეთეს მიაგებს მას და არა ბოროტს, მთელი მისი ცხოვრების დღეებში. მატყლს და სელს მოიძევს და სიხარულით შრომობს თავისი ხელებით. სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი საზრდო. ღამიანად დგება, საკვებს აძლევს სახლეულს და საქმეზე აყენებს მხევალთ. იფიქრებს მინდორზე და შეიძენს მას, საკუთარ ხელთა მტევნით რგავს ვენახს. ძალას ისარტყლავს წელზე და მკლავებს იმაგრებს. ხვდება, რომ კარგია მისი მონაგები; ღამითაც არ ქრება მისი ლამპარი. იწვდენს ხელს სართავი ჯარასკენ და თითისტარს დაიჭერს. ხელს უმართავს ღარიბს და ხელს უწვდის გაჭირვებულს. არ შიშობს თავის სახლეულზე თოვლიანობისას, რადგან ძოწისფერითაა შემოსილი მთელი მისი სახლეული. ფარდაგებს იმზადებს, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი. ცნობილია მისი ქმარი კარიბჭეებთან და ქვეყნის უხუცესთა შორის ზის იგი. სელის ტანსაცმელს კერავს და ყიდის, სარტყლებით ამარაგებს ვაჭარს. ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს. სიბრძნით ხსნის პირს და კეთილი დარიგებაა მის ენაზე. თვალყურს ადევნებს თავისი სახლეულის სვლას და სიზარმაცის პურს არ ჭამს. დგებიან მისი შვილები და ლოცავენ მას, ქმარიც აქებს და ეუბნება: მრავალი ასული მოქცეულა სანაქებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე! მაცდურია მომხიბვლელობა და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი განდიდებული იქნება! მიეცით საკუთარ ხელთა ნაყოფისაგან და საქმენი მისნი განადიდებენ მას კარიბჭეებთან”.
იგავნი 12:18-19
ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენის ენა კი კურნებაა. ჭეშმარიტებით სავსე ბაგენი სამარადისოდ დაფუძნდებიან, ცრუ ენა კი წამიერია.