ფსალმუნები 23:7-8
მაღლა ასწიეთ თავები კარიბჭეებო და აიწიეთ კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს დიდების მეფე! ვინ არის დიდების მეფე? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი – ომში ძლევამოსილი.
იოანეს 11:40
უთხრა მას იესომ: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ-მეთქი?”
გამოცხადება 19:1
ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხისა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღმერთისაა!
აბაკუმი 3:4
მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.
მეორე რჯული 5:24
მითხარით: „აჰა, გვიჩვენა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე და გვესმა მისი ხმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს ვიხილეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა იგი.
ფსალმუნები 17:7-15
შეძრა და შეარყია დედამიწა, თრთოდნენ მთათა საძირკვლები; შეირყნენ, რადგან განრისხდა იგი. კვამლი გამოვიდა მისი ნესტოებიდან, მომსვრელი ცეცხლი – მისი პირიდან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან. მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა. შავი ღრუბელი იყო მის ფეხქვეშ. ქერუბებზე ამხედრდა და გამოფრინდა. ქარის ფრთებით გამოეშურა. წყვდიადი თავის საფარად აქცია, ქუფრ მძიმე ღრუბლებში გაეხვია. მისი პირის ბრწყინვალებამ გაფანტა ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები. ზეცაში დაიგრგვინა უფალმა და თავისი ხმა გამოსცა უზენაესმა სეტყვით და ნაკვერჩხლებით. გაუშვა ისრები და მიმოფანტა, განაბნია ელვა მრავალი. წყლების ნაკადები გამოჩნდნენ და სამყაროს საძირკვლები გაშიშვლდნენ შენს მრისხანე დაძახილზე და შენი ნესტოების მონაბერის ქროლვაზე უფალო.
ეზეკიელი 1:26-28
თაღის ზემოთ, მათ თავზე რომ იყო, საფირონის ქვის ტახტის მსგავსი რამ იდგა; ამ ტახტის მსგავსზე, მაღლა, ადამიანის მსგავსი რამ იჯდა. შემდეგ შევნიშნე მის წელს ზემოთ რაღაც განათებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და ირგვლივ, ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე ცეცხლის მსგავსი რამ და ნათება იყო მის ირგვლივ. როგორც ცისარტყელა ღრუბლებში, წვიმიან დღეს, ისე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ. უფლის დიდების მსგავსი რამ იყო რაც ვიხილე; პირქვე დავემხე და გავიგონე მოლაპარაკეს ხმა.
ესაია 4:5
მაშინ გამოსახავს უფალი სიონის მთელ მთასა და მთელ მის კრებულზე ღრუბელსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ელვარებას ღამით, ვინაიდან ყოველივეს დიდება დაფარავს.
ლუკას 21:27
მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს, ძალითა და დიადი დიდებით.
2 ნეშტთა 5:13-14
ხმები შეუწყვეს მესაყვირეთ და მგალობელთ, რათა ერთხმად ექოთ და ედიდებინათ უფალი; აღიმაღლეს ხმა საყვირების, წინწილების და საკრავების თანხლებით, აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა და სიკეთე მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო. ვეღარ შეძლეს მღვდლებმა მსახურებისთვის დგომა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი.
ეზეკიელი 10:19
გაშალეს ქერუბებმა ფრთები და ამაღლდნენ მიწიდან ჩემს თვალწინ. ბორბლებიც თან ჰქონდათ. დადგნენ უფლის ტაძრის აღმოსავლეთ კარიბჭის შესასვლელთან, ისრაელის ღმერთის დიდება ედგათ ზემოდან.
გამოცხადება 15:8
და აივსო ტაძარი კვამლით ღვთის დიდებისა და მისი ძალისგან, და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული.
ებრაელთა 1:3
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.
2 კორინთელთა 4:6
ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, სინათლე გამობრწყინებულიყო ბნელიდან, ჩვენი გულებიც გაანათა; რათა მოეცა ღვთის დიდების შემეცნების სინათლე, რომელიც ქრისტეს სახეზეა.
ესაია 60:19-21
მზე აღარ გექნება დღის სინათლედ და მთვარის ბრწყინვალება აღარ გაგინათებს, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი ღმერთი – შენს დიდებად. აღარ ჩავა შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაიბინდება, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი გლოვის დღეები დასრულდება. მთელი შენი ხალხი მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული ყლორტი, ჩემს ხელთა ქმნილება, რათა განვდიდდე მე.
2 კორინთელთა 3:18
ჩვენ კი ყველანი, რიდეახდილი სახის მსგავსად ვხედავთ უფლის დიდებას, ვუმზერთ რა სარკეში ამ ხატებას და გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.
რიცხვნი 14:21
ჭეშმარიტად, ცოცხალი ვარ და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
ფსალმუნები 107:5
ცათა ზემოთ ამაღლდი ღმერთო და მთელ დედამიწას გასწვდეს შენი დიდება.
აბაკუმი 2:14
რადგან უფლის დიდების შემეცნებით აღივსება დედამიწა, როგორც ზღვას ავსებენ წყლები.
გამოცხადება 21:23
ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი ლამპარი.
1 პეტრეს 5:10
ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.
იობი 37:22
ჩრდილოეთიდან ბრწყინავს ოქროს ციალი; შიშის მომგვრელია ღვთაებრივი შარავანდედი.
ფსალმუნები 144:5
შენი მშვენების სიდიადესა და ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.
1 ნეშტთა 16:24
ერთა შორის გააცხადეთ მისი დიდება, ყველა ხალხში – მისი სასწაულები.