HomeUncategorized

2 ნეშტთა 5

ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
51 და მოათავა ყველა საქმე, რასაც უფლის სახლისათვის აკეთებდა სოლომონი. მოიტანა სოლომონმა დავითის, მამამისის, შემოწირულობანი: ვერცხლი, ოქრო, ყველანაირი ჭურჭელი, და ღვთის სახლის საგანძურში დააწყო, 2 მაშინ შეყარა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი, ისრაელის ძეთა მამისსახლის უფროსები, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან. 3 და შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი სადღესასწაულოდ მეშვიდე თვეში, 4 და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და ლევიანებმა ასწიეს კიდობანი. 5 და წაასვენეს კიდობანი და სადღესასწაულო კარავი, და ყველა წმინდა ჭურჭელი, კარავში რომ ინახებოდა. და წაასვენეს ისინი მღვდლებმა და ლევიანებმა. 6 მეფე სოლომონი და მთელი ისრაელის საზოგადოება, რომელიც მასთან შეიკრიბა კიდობნის წინ, მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო. 7 და დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი მისთვის განკუთვნილ ადგილზე ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ, 8 რადგან ფრთები ჰქონდათ გაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე, და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და მის კეტებს. 9 კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მისი თავები მოჩანდა, დაბირის წინ, გარეთ კი არ ჩანდა. დღემდე იქ არის ისინი. 10 არაფერი არ იყო კიდობანში გარდა ორი ქვის დაფისა, მოსემ რომ ჩააწყო ხორებზე, როცა კავშირი შეკრა უფალმა ისრაელის ძეებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას. 11 და როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან – რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა, განურჩევლად დასებისა, – 12 ასევე ყველა მგალობელი ლევიანი – ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ვაჟები და მათი მოძმენი – სელით შემოსილნი, წინწილებით, ქნარებით, ებნებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი, მათთანვე ასოცი მესაყვირე მღვდელი, 13 ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ, და როცა იქუხა საყვირების და წინწილების ხმამ, უფლის ქებით, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო, 14 და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აავსო ღვთის სახლი.
თავი მეოთხე                                                                                                                                      თავი მეექვსე

COMMENTS