ცოცხალი და თვითმყოფი ღმერთი ბიბლიის მუხლები

იერემია 10:10
მაგრამ ჭეშმარიტია უფალი ღმერთი, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე; მისი რისხვისას ირყევა დედამიწა და ვერ უძლებენ მის მრისხანებას ხალხები.

დაბადება 1:1
დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცანი და მიწა.

მეორე რჯული 5:26
რადგან ვინ არის ის ხორციელი, ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ცოცხალი ღმერთის ხმა რომ მოესმინოს და ცოცხალი დარჩენილიყოს ჩვენსავით?

იესო ნავეს ძე 3:10
თქვა იესომ: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის და ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორელებსა და იებუსელებს;

იერემია 23:36
აღარ ახსენოთ უფლის სიტყვის ტვირთი, ვინაიდან თითოეულს საკუთარი სიტყვა ექცევა ტვირთად, რადგან თქვენ ამახინჯებთ ცოცხალი ღმერთის, ცაბაოთ უფლის, ჩვენი მეუფის სიტყვებს.

მათეს 26:63
იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”

1 ტიმოთეს 3:15
მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.

ებრაელთა 3:12
თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.

ესაია 57:15
ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.

დანიელი 4:34
იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა – თაობიდან თაობებში.

გამოცხადება 4:9-11
როცა არსებანი დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიან ტახტზე მჯდომს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ოცდაოთხი უხუცესი ემხობა ტახტზე მჯდომის წინ და თაყვანს სცემს უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, თავიანთ გვირგვინებს ამხობენ ტახტის წინ და ამბობენ: „ღირსი ხარ უფალო, და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ”.

გამოცხადება 15:7
ოთხი ცხოველიდან ერთმა შვიდ ანგელოზს შვიდი ოქროს თასი მისცა, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღმერთის რისხვით სავსე.

იოანეს 5:26
რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.

2 კორინთელთა 3:3
თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან გაგზავნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით; არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ დაფებზე.

დანიელი 6:20
მიუახლოვდა თუ არა ხაროს, შეწუხებული ხმით ჩასძახა დანიელს: „დანიელ, ცოცხალი ღმერთის მსახურო, შესძლო შენმა ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურები, ლომებისგან შენი დახსნა?”

დანიელი 6:26
ამიერიდან ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში თრთოდნენ და ეშინოდეთ დანიელის ღმერთისა, რადგან ის არის ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთი; სამეფო მისი არ დაინგრევა და ხელმწიფება მისი უსასრულოა.

ოსია 1:10
მაგრამ ზღვის ქვიშასავით გახდება ისრაელის ძეთა რიცხვი, არც გაიზომება და არც აღირიცხება; იმის ნაცვლად, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან: „ცოცხალი ღმერთის ძენი ხართო”.

ფსალმუნები 114:2-7
ყური მომაპყრო, ამიტომ ჩემი სიცოცხლის ყოველ დღეს მოვუხმობ მას. გარს შემომერტყნენ სიკვდილის მარწუხები, საფლავის შიში მომადგა, გასაჭირსა და მწუხარებაში ჩავვარდი. და მოვუხმე უფლის სახელს; გევედრები, უფალო, გადაარჩინე ჩემი სიცოცხლე. მოწყალე და მართალია უფალი, შემბრალეა ღმერთი ჩვენი. იცავს უფალი გულუბრალოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე. დაუბრუნდი სიმშვიდეს, სულო ჩემო, რადგან კეთილად მოგექცა უფალი.

იერემია 10:3-6
რადგან ხალხთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეები არიან ისინი, ოსტატის მიერ ცულით გამოთლილნი. ვერცხლითა და ოქროთი კაზმავენ, ლურსმნებითა და ჩაქუჩით აჭედებენ, რომ არ ირყეოდნენ. ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ლაპარაკი არ შეუძლიათ; აქეთ-იქით დაატარებენ, რადგან თავად სიარული არ იციან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერც გიბოროტებენ და ვერც სიკეთეს მოგიტანენ. არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ და დიდია შენი სახელი ძლიერებით.