ზეცის დაპირება ბიბლიური ციტატები

მათეს 24:34-40
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც. რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა – ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.

გალატელთა 6:8
ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.

მათეს 18:8-9
თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.

რომაელთა 6:8-11
და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ ვიცოცხლებთ კიდეც მასთან ერთად, რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ უფლობს მასზე. ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ერთხელ მოკვდა ყველა ცოდვისათვის, ცოცხალი კი, ღვთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.

2 ტიმოთეს 2:11
სარწმუნოა სიტყვა – თუ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც!

მათეს 10:22
ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.

2 ტიმოტეს 2:10-12
ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულებისთვის, რათა მათაც მიიღონ გადარჩენა ქრისტე იესოში, საუკუნო დიდებასთან ერთად. სარწმუნოა სიტყვა – თუ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც! თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ კიდეც! თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ!

მათეს 10:37-39
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი; ვინც ჰპოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, ჰპოვებს მას.

მათეს 19:28-29
ხოლო იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად. და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.

იოანეს 12:26
ვინც მე მემსახურება, მე უნდა მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს სცემს მამა.

გამოცხადება 14:4-5
ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დიაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან; ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს; ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისათვის და კრავისთვის. სიცრუე არ აღმოჩენილა მათ ბაგეებზე; უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე.

გამოცხადება 22:14
ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.

იაკობის 1:12
ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.

მათეს 19:16-17
და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?” ხოლო მან უთხრა: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”.

იოანეს 12:47-48
თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან წუთისოფლის განსაკითხად კი არა, წუთისოფლის სახსნელად მოვედი. ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.

გამოცხადება 2:7-11
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”. „სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა: ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან. ნუ შეგეშინდება ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს ეშმაკი, რათა გამოიცადოთ. გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან”.

გამოცხადება 3:5-12
გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. „ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი. აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე. რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი. აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი. გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.

გამოცხადება 221:2-7
და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო. და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”. და თქვა ტახტზე მჯდომმა: „აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: „დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. და მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის – ძე.

რომაელთა 2:7
მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს;

საქმეები 11:18
ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ – აჰა, წარმართებსაც მისცაო ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.

1 ტიმოთეს 4:8
ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.

რომაელთა 6:22
ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ბოლო კი – მარადიული სიცოცხლე.