Home1ტიმოთე

1 ტიმოთეს 4

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ
წინასწარმეტყველება განდგომილებზე

41 ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, 2 თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია, 3 რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისაგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა. ვინაიდან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული, რადგან იწმიდება ღვთის სიტყვით და ლოცვით.

იესო ქრისტეს კეთილი მსახური

6 თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი სწავლით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი. ოღონდ უწმიდურ და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვართე. ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც. ეს სიტყვა სარწმუნოა და ღირსია სრული მიღებისა. 10 ვინაიდან იმისათვის ვშრომობთ კიდეც და ვიღწვით, რომ მინდობილნი ვართ ცოცხალ ღმერთს, რომელიც მაცხოვარია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა.
   11 ეს ამცნე და ასწავლე. 12 თავს ნუ დაამცირებინებ შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში. 13 ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას. 14 ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით. 15 ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება. 16 გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.

თავი მესამე                                                                                                                                             თავი მეხუთე

COMMENTS