Homeბიბლიაახალი აღთქმა

რომაელთა 2

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ
ღმერთის სამართლიანი სასჯელი

21 ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი განმკითხველი იმასვე სჩადიხარ. 2 ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩამდენთათვის. 3 შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს? 4 თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახარებას მონანიებისაკენ მიჰყავხარ? 5 ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, 6 რომელიც ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს: 7 მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს; 8 ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას – რისხვასა და გულისწყრომას. 9 ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტს სჩადის – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს. 10 ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს. 11 რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება. 12 ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან 13 რადგან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან, 14 რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. 15 ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ, – 16 იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ.

იუდეველები და რჯული

17 აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე დ იკვეხნი ღმერთით, 18 იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია. 19 და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის. 20 უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში. 21 როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი? 22 ქადაგებ: არ მოიპაროო და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ? კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ? 23 რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ. 24 რადგან თქვენი გულისათვის, როგორც სწერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში. 25 ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცა. 26 მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? 27 ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს. 28 ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ასე, რაც გარეგნულადაა ხორცზე, 29 არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი და გულის წინადაცვეთა სულშია, არა ასოში. მისი ქება კაცთაგან კი არა, ღვთისგან არის.

თავი პირველი                                                                                                                                          თავი მესამე

COMMENTS