HomeUncategorized

ზაქარია 14

ძველი აღთქმა
ზაქარია

141 აჰა, დადგება დღე უფლისაგან და დანაწილდება შენი ნადავლი შენს წიაღში. 2 თავს მოვუყრი ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღებული იქნება ქალაქი, სახლები გაიძარცვება და ქალები გაუპატიურდებიან, ნახევარი ქალაქი ტყვედ წავა, დანარჩენი ხალხი კი არ მოიკვეთება ქალაქიდან. 3 გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს, როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს. 4 შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით, შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა – აღმოსავლეთიდან დასავლეთით – და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა. მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი – სამხრეთისკენ. 5 გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს. გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს. მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად. 6 იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, იქნება სიცივე და ყინვა. 7 იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე. მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი. 8 იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი. ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ. ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება. 9 იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება. 10 ვაკედ იქცევა მთელი ქვეყანა გებაყიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრით. იერუსალიმი კი ამაღლდება და დარჩება თავის ადგილზე ბენიამინის კარიბჭიდან პირველი კარიბჭის ადგილამდე, კუთხის კარიბჭემდე, და ხანანელის კოშკიდან მეფის საწნახლებამდე. 11 იცხოვრებენ მასში და აღარ იქნება შეჩვენება, და მშვიდად იცხოვრებს იერუსალიმი. 12 ეს იქნება სატანჯველი, რომელითაც დატანჯავს უფალი ყველა ხალხს, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე. ზეზეულად შემოალპებათ ხორცი, დაულპებათ თვალები ფოსოებში და ენა დაულპებათ პირში. 13 იმ დღეს იქნება, რომ დიდი არეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან. ხელს ჩასჭიდებენ ერთიმეორეს და ერთის ხელი მეორის ხელის წინააღმდეგ აღიმართება. 14 იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს. დახვავდება ყველა გარეშემო ხალხის დოვლათი – ოქრო-ვერცხლი და დიდძალი სამოსელი. 15 ასეთივე იქნება სატანჯველი ცხენთა და ჯორთა, აქლემთა და სახედართა, ყოველი პირუტყვისა, რომელიც კი მათ ურდოებში იქნება. 16 მოხდება ისე, რომ ვინც კი გადარჩება იმ ხალხებიდან, იერუსალიმს რომ ესხმოდნენ თავს, წლიდან წლამდე ივლიან მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ. 17 მოხდება ისე, რომ თუ ვინმე ქვეყნის ტომთაგანი არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის, თაყვანისსაცემად, წვიმა არ იქნება მათზე. 18 თუ ეგვიპტის ტომი არ ავა და არ შევა იქ, წვიმა არ იქნება მასზე. იქნება სატანჯველი, რითაც დატანჯავს უფალი ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის სადღესასწაულოდ. 19 ეს ექნება სასჯელად ეგვიპტეს და სასჯელად ყველა ხალხს, რომელიც არ ივლის კარვობის სადღესასწაულოდ. 20 იმ დღეს იქნება წარწერილი ცხენთა ზანზალაკებზე: სიწმიდე უფალს. და ქვაბები უფლის სახლში შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე. 21 ყოველი ქვაბი იერუსალიმში და იუდაში წმიდა იქნება ცაბაოთ უფლისათვის. მოვა ყოველი შემწირველი, აიღებს მათგან და მოხარშავს მათში. აღარ იქნება იმ დღეს ქანაანელი ცაბაოთ უფლის სახლში.

თავი მეცამეტე                                                                                                                                               მალაქია

COMMENTS