HomeUncategorized

ზაქარია 12

ძველი აღთქმა
ზაქარია

121 განაჩენი. სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი, რომელმაც გადაფინა ცა, დაამყარა მიწა და რომელმაც ჩაუდგა სული ადამიანებს მათ წიაღში: 2 „აჰა, გავხდი იერუსალიმს სიბრუვის თასად ყოველი ხალხისთვის ირგვლივ და თვით იუდასთვის, როცა ალყაში მოექცევა იერუსალიმი. 3 დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება. 4 იმ დღეს, – ამბობს უფალი, – გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს. მაგრამ იუდაზე მექნება თვალი გახელილი, როცა ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ. 5 იტყვიან იუდას ათასეულნი თავიანთ გულში: ‘ჩემი ძალა იერუსალიმის მცხოვრებნი არიან ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის შეწევნით.’ 6 იმ დღეს გავხდი იუდას ათასეულთ ანთებულ ქურად ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხს ირგვლივ. იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილზე, იერუსალიმში. 7 იუდას კარვებს იხსნის უფალი, რომ დავითის სახლის დიდებამ და იერუსალიმის მცხოვრებთა დიდებამ არ გადააჭარბოს იუდას დიდებას. 8 იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მცხოვრებთ და ძაბუნი მათ შორის დავითივით იქნება იმ დღეს. დავითის სახლი კი ღმერთივით იქნება, უფლის ანგელოზივით იქნება მათ წინაშე. 9 იმ დღეს იქნება, რომ გადავწყვეტ ყოველი ხალხის განადგურებას, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე. 10 გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ. დაიტირებენ მას, როგორც მხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან. 11 იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადად-რიმონისა მეგიდონის ხეობაში. 12 იგლოვებს ქვეყანა – ყოველი საგვარეულო ცალკე: დავითის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე, ნათანის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე; 13 ლევის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე, შიმყის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე. 14 ყველა დარჩენილი საგვარეულო, ყოველი საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე.”

თავი მეთერთმეტე                                                                                                                                თავი მეცამეტე

COMMENTS