ზაქარია 9

By
სექტემბერი 11, 2015
ძველი აღთქმა
ზაქარია

91 განაჩენი. სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს), 2 და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ცორზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ. 3 აიშენა ცორმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო – ქუჩის ტალახივით. 4 აჰა, უფალი ცარიელზე დატოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს, თავად კი ცეცხლში შთაინთქმება. 5 იხილავს აშკელონი და შეეშინდება; ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი. გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი. 6 უცხო თესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტოვნებას. 7 ბაგეებიდან ამოვგლეჯ სისხლს და მის სისაძაგლეებს – კბილებს შორიდან. ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება, როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი იებუსელის მსგავსად შეირაცხება. 8 შემოვაკავებ ჩემს სახლს ლაშქრისგან დასაცავად, მიმსვლელ-მომსვლელისგან და აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ამიერიდან საკუთარი თვალით ვხედავ მას. 9 იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ჭაკი ვირის ნაშიერზე. 10 ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს – იერუსალიმიდან. შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე, და მდინარიდან – ქვეყნის კიდემდე. 11 შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც წყალი არა დგას. 12 დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ. 13 რადგან მშვილდივით მოვზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს. აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ! 14 უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ, და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი. ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში. 15 ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ. შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს, ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს. აივსებიან სასხურებელი თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით. 16 იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას, რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე. 17 ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს – ხორბალი, ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს.

თავი მერვე                                                                                                                                                თავი მეათე

კომენტარის დატოვება

Close
Close