ზაქარია
41 მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. 2 მითხრა: „რას ხედავ?” ვუთხარი: „ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი და შვიდი საწრეტი ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა 3 ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი ჯამი მარჯვნივ, მეორე მის მარცხნივ.” 4 ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?” 5 მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „განა არ იცი, რა არის ესენი?” ვუთხარი: „არა-მეთქი, ჩემო ბატონო.” 6 მომიგო და მითხრა: „ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – 7 რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები! გამოიტანს თავკიდურ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!” 8 იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: 9 „ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს. და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. 10 რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში. უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ ჭვრეტენ.” 11 მივუგე და ვუთხარი მას: „რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?” 12 მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: „რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილაკის გვერდით, საიდანაც ზეითუნის ზეთი იღვრება?” 13 მითხრა: „არ იცი, რა არის ესენი?” ვუთხარი: „არა-მეთქი, ჩემო ბატონო.” 14 მითხრა: „ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი.”