HomeUncategorized

ზაქარია 10

ძველი აღთქმა
ზაქარია

101 შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს. უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში. 2 რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან. ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი. 3 „მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ბოტებს, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას – იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის მას ბრძოლაში. 4 მისგან იქნება ქვაკუთხედი, მისგან იქნება სამსჭვალი, მისგან იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი ერთიანად. 5 იქნებიან როგორც გმირები, ქუჩის ტალახს რომ თელავენ ბრძოლაში. იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გააწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ. 6 გავაძლიერებ იუდას სახლს, და ვიხსნი იოსების სახლს, დავაბრუნებ მათ, რადგან შევიწყალე ისინი, და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვებინოს, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და შევისმინე მათი. 7 გმირივით გახდება ეფრემი და გახალისდება მათი გული, თითქოს ღვინისაგან. დაინახავენ ამას მათი შვილები და გაიხარებენ, მოილხენს მათი გული უფალში. 8 დავუსტვენ მათ და თავს მოვუყრი, რადგან გამოვისყიდე ისინი, და ბევრნი გახდებიან, როგორც ბევრნი იყვნენ. 9 მე გავაბნიე ისინი ხალხებში და შორეულ ქვეყნებში გამიხსენებენ. იცხოვრებენ თავიანთ შვილებთან ერთად და დაბრუნდებიან. 10 დავაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან და აშურიდან გამოვკრებ მათ. გილყადის ქვეყნად და ლიბანს მივიყვან მათ, და ადგილი არ ეყოფათ. 11 ჩაივლის ზღვაზე სატანჯველი, და დაჰკრავს ზღვაში მის ტალღებს; ამოშრება ნილოსის სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება, და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს. 12 გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით” – ამბობს უფალი.

თავი მეცხრე                                                                                                                                    თავი მეთერთმეტე

COMMENTS