HomeUncategorized

ზაქარია 3

ძველი აღთქმა
ზაქარია

31 დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი მის მოსაყივნებლად. 2 უთხრა უფალმა სატანას: „გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი აირჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?” 3 იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. 4 მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: „გახადეთ წვირიანი სამოსელი!” უთხრა მას: „აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსლით შეგმოსავ.” 5 თქვა: „დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვან სამოსელი.” უფლის ანგელოზი კი იდგა. 6 გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა: 7 „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის.” 8 ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები. რადგან, აჰა, მოვავლინებ ჩემს მორჩილს – მორჩს! 9 რადგან აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე. აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს. 10 იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.”

თავი მეორე                                                                                                                                              თავი მეოთხე

COMMENTS