ფსალმუნები 76:14
შენა ხარ ღმერთი, სასწაულმოქმედი; შენ გამოავლინე შენი ძლიერება ერებს შორის.
გამოსვლა 14:30-31
და იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთა ხელთაგან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელნი ზღვის ნაპირზე. იხილა ისრაელმა დიადი საქმე, რომელიც მოახდინა უფალმა ეგვიპტელებზე და შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ ისინი უფალს და მოსეს, მის მსახურს.
გამოსვლა 34:10
თქვა უფალმა: „აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.
მეორე რჯული 3:24
„უფალო, ღმერთო! შენ წამოიწყე შენი მსახურისთვის შენი სიდიადისა და ძლიერი ხელის ჩვენება; რომელი ღმერთია ცაში ან დედამიწაზე, რომ თავისი საქმეებითა და ძლიერებით შეგედაროს?
3 მეფეთა 18:37-39
მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!” ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა. დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: „უფალი – ისაა ღმერთი, უფალი – ისაა ღმერთი!”
2 მეფეთა 7:23
რომელი ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა და თავის ერად ექცია, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები შენი ხალხის თვალწინ, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, განდევნე რა ხალხები და მათი ღმერთები მათ წინაშე?
ლუკას 9:42-43
ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა ძირს დაახეთქა და კრუნჩხვაში ჩააგდო. იესომ შერისხა არაწმიდა სული, განკურნა ყრმა და მამამისს ჩააბარა. ყველა გაოცებული იყო ღმერთის სიდიადით; და რაკი ყველას უკვირდა იესოს ნამოქმედარი, უთხრა თავის მოწაფეებს:
მარკოზის 16:17-18
მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან და ახალი ენებით ილაპარაკებენ. გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან”.
საქმეები 14:3
თუმცა ისინი საკმაოდ დიდ ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად, ნიშნებსა და სასწაულებს იძლეოდა მათი ხელით.
ებრაელთა 2:2-4
რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა დამსახურებულ საზღაურს, ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში; რომელიც დამოწმებულ იქნა ღვთიური ნიშნებით, სასწაულებით, სხვადასხვა ძალებით და წმიდა სულის მისი ნებისამებრ გაზიარებით.
4 მეფეთა 1:9-12
მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდნენ და, აჰა, მთის თხემზე ზის ელია; უთხრა ორმოცდაათისთავმა: „ღვთისკაცო, მეფემ შემოგითვალა, ძირს ჩამოვიდესო!” მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც. კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. მიუგო და უთხრა ორმოცდაათისთავმა: „ღვთისკაცო, ასე ბრძანებს მეფე, სასწრაფოდ ძირს ჩამოდიო!” ელიამ უთხრა: „თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.
2 ნეშტთა 26:19-20
განრისხდა ყუზია, ხელში კანდელი ეპყრა საკმევლად; აჰა, მღვდლებზე განრისხებისას კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან. მიუბრუნდნენ მას ყაზარია მღვდელმთავარი და ყოველი მღვდელი და, აჰა, მთელი შუბლი კეთროვანი აქვს. სწრაფად გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა, რადგან უფალმა დალახვრა იგი.
საქმეები 5:5
ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.
მეორე რჯული 4:34
თუ უცდია რომელიმე ღმერთს ამდგარიყო და გამოეყვანა ხალხთაგან ერი თავისთვის, გამოცდებით, ნიშნებითა და სასწაულებით, ბრძოლითა და ძლიერი ხელით, შემართული მკლავითა და დიდი საშინელებით, როგორც ეს თქვენმა ღმერთმა გააკეთა თქვენს თვალწინ ეგვიპტეში?
3 მეფეთა 18:30-39
უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: „ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო. თორმეტი ქვა აიღო ელიამ, იაკობის თორმეტი ძის შტოების მიხედვით, იაკობისა, რომელსაც უთხრა უფალმა: ისრაელი იქნებაო სახელი შენი. ააშენა ამ ქვებით სამსხვერპლო უფლის სახელზე, ირგვლივ კი ორი საწყაული თესლის ტევადობის თხრილი შემოავლო. დააწყო შეშა, შუაზე გაკვეთა მოზვერი და დადო შეშაზე. უთხრა: „აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: „გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: „მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს. სამსხვერპლოს გარშემო ჩამოედინა წყალი და თხრილიც აივსო წყლით. შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაჰამისა, ისაკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე; მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!” ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა. დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: „უფალი – ისაა ღმერთი, უფალი – ისაა ღმერთი!”
მსაჯული 15:18-19
ძლიერ მოსწყურდა და შეჰღაღადა უფალს: „შენი მსახურის ხელით ამხელა ხსნა მოავლინე და ახლა წყურვილით უნდა მოვკვდე და ამ წინადაუცვეთელთ ჩავუვარდე ხელში?” გააპო ღმერთმა ლეხის ნაპრალი და ჩქეფით გადმოვიდა წყალი. დალია, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს მღაღადებელის წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში.
მათეს 14:15-21
როცა მოსაღამოვდა მივიდნენ მასთან მოწაფენი და უთხრეს: „აქ უკაცრიელი ადგილია, ჟამიც გვიანია; გაუშვი ეს ხალხი, რომ სოფლებში წავიდნენ და საჭმელი იყიდონ თავიანთთვის”. იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა; თქვენ მიეცით საჭმელი”. უპასუხეს: „არაფერი გვაქვს გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა”. უთხრა: „აქ მომიტანეთ ისინი”. უბრძანა ხალხს ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და მისცა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი ხალხს დაურიგეს. ყველამ ჭამა და გაძღა, ნატეხებით კი თორმეტი გოდორი აივსო. მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.
მათეს 20:29-34
ერიხოდან გამოსვლისას დიდძალი ხალხი გაჰყვა მას. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!” უწყრებოდა მათ ხალხი და აჩუმებდა. ისინი კი უფრო მეტად აყვირდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, ძეო დავითისა!” იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?” უთხრეს: „უფალო, გვინდა თვალები აგვეხილოს”. შეებრალა ისინი იესოს, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ; და გაჰყვნენ მას.
იოანეს 11:38-44
იესო კი, კვლავ სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული. თქვა იესომ: „მოაშორეთ ლოდი”. უთხრა მართამ, მიცვალებულის დამ: „უფალო უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა”. უთხრა მას იესომ: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ-მეთქი?” და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ. ეს გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე”. ეს რომ თქვა, დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი!” გამოვიდა მიცვალებული; ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეხვეული, სახე კი – სუდარით დაბურული. უთხრა მათ იესომ: „გახსენით, გაუშვით, იაროს”.
რიცხვნი 21:6-7
მოუვლინა უფალმა ხალხს ცეცხლოვანი გველები, დაკბინეს ხალხი და დაიხოცა მრავალი ისრაელიანი. მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: „შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ; ილოცე უფლისადმი, რომ მოგვაშოროს გველი”. და ილოცა მოსემ ხალხისთვის.
ლუკა 10:17
სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და ამბობდნენ: “უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან”.
4 მეფეთა 5:1-14
ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი. სათარეშოდ გავიდნენ არამელები და ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი. უთხრა თავის ქალბატონს: „ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”. მივიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს: „ასე და ასე თქვა ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილმა გოგომ”. თქვა არამის მეფემ: „ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან”. წავიდა და წაიღო ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი. მიუტანა ისრაელის მეფეს წერილი, რომელშიც ეწერა: „ამ წერილთან ერთად, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან”. წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!” გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, კაცი გაუგზავნა და უთხრა: „რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და გაიგოს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”. მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა. მოციქული გაუგზავნა ელისემ და უთხრა: „წადი, შვიდგზის განიბანე იორდანეში, გაგიახლდება ხორცი და გასუფთავდები”. განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: „აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი. განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული. მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: „მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”. ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და გასუფთავდა.
ლუკა 9:6
გამოვიდნენ და სოფელსოფელ სიარული იწყეს; ყველგან ახარებდნენ და კურნავდნენ.
ლუკას 7:20-23
ჰკითხეს მისულმა კაცებმა: იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან ამ კითხვით: შენ ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?” იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა. უთხრა მათ იესომ პასუხად: „წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ – ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში”.
1 კორინთელთა 12:8-11
ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; სხვას რწმენა – იმავე სულით და ზოგს – განკურნების ნიჭები იმავე სულით; ზოგს – სასწაულთმოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.
მათეს 24:24
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
გამოცხადება 19:20
და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.