ძველი აღთქმა
3 მეფეთა
181 გამოხდა მრავალი ხანი და მესამე წელს იყო უფლის სიტყვა ელიას მიმართ: „წადი, ეჩვენე ახაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე.” 2 და წავიდა ელია, რომ სჩვენებოდა ახაბს. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. 3 და დაუძახა ახაბმა ყობადიაჰუს, სასახლის მოურავს. ძალზე ღვთისმოშიში იყო ყობადიაჰუ. 4 როცა იზებელი სპობდა უფლის წინასწარმეტყველთ, წაიყვანა ყობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა მღვიმეებში და პურითა და წყლით არჩენდა მათ. 5 და უთხრა ახაბმა ყობადიაჰუს: „წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ხევები. იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი, რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ გაგვიქრეს პირუტყვი.” 6 და დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო. ახაბი ერთი გზით წავიდა მარტო, ყობადიაჰუ მეორე გზით წავიდა მარტო. 7 გზად იყო ყობადიაჰუ, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო და დაეცა მის წინაშე და უთხრა: „ნუთუ შენ ელია ხარ, ჩემო ბატონო?” 8 უთხრა: „მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არის-თქო ელია.” 9 და თქვა ყობადიაჰუმ: „რა დავაშავე ასეთი, რომ ახაბს უგდებ ხელში მოსაკლავად შენს მსახურს? 10 უფალს, შენს ღმერთს, გეფიცები, რომ არ დარჩენილა ხალხი ან სამეფო, სადაც შენს საძებრად არ გაეგზავნოს კაცი ჩემს ბატონს. ეუბნებოდნენ, არ არისო, და ისიც დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, რომ ვერ გიპოვნეს. 11 ახლა კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. 12 გაგშორდები და არც კი მეცოდინება, სად გაგიტაცებს უფლის სული. მივალ ჩემს ბატონთან შესატყობინებლად, ვერ გიპოვნის და მომკლავს შენს მსახურს. ყმაწვილკაცობიდანვე ღვთის მოშიშია შენი მსახური. 13 განა არ უთქვამს მისთვის, რაც გავაკეთე, როცა იზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ხოცავდა, რომ ვმალავდი ას წინასწარმეტყველს, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მღვიმეებში და პურითა და წყლით ვარჩენდი? 14 ახლა მეუბნები: წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. ხომ მომკლა.” 15 და თქვა ელიამ: „ცაბაოთ უფალს ვფიცავ, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღესვე ვეჩვენები მას.” 16 და წავიდა ყობადიაჰუ ახაბის შესახვედრად და შეატყობინა. და წამოვიდა ახაბი ელიას შესახვედრად. 17 როცა დაინახა ახაბმა ელია, უთხრა ახაბმა: „ეს შენა ხარ, ისრაელის მაშფოთებელი?” 18 და თქვა ელიამ: „მე არ ვაშფოთებ ისრაელს, არამედ შენ და მამაშენის სახლი იმით, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაყალებს გაჰყევით. 19 ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი და ბაყალის წინასწარმეტყველნი ოთხასორმოცდაათი კაცი და აშერას წინასწარმეტყველნი ოთხასი კაცი, იზებელის სუფრას რომ უსხედან.” 20 და დაგზავნა ახაბმა ხალხი მთელს ისრაელში და შეკრიბა წინასწარმეტყველნი ქარმელის მთაზე. 21 და მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: „როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, ხოლო თუ ბაყალია, მას გაჰყევით”. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს. 22 და უთხრა ელიამ ხალხს: „მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია. 23 მოგვცენ ორი მოზვერი და ერთი მაგათ ამოირჩიონ. შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ. 24 ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს, და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ღმერთი იქნება”. და მიუგო მთელმა ხალხმა და თქვეს: „კეთილი.” 25 და უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: „ამოირჩიეთ რომელიმე მოზვერი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ,” 26 და გამოიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა მათ, და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე მოუწოდებდნენ ბაყალის სახელს და უხმობდნენ: „ხმა გაგვეც, ბაყალ!” მაგრამ არც ხმა იყო და არც პასუხი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, რომელიც გააკეთეს. 27 შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: „მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან, ვაითუ, რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს, და გაიღვიძებს.” 28 დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისამებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე, რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე. 29 შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგად იყვნენ დავარდნილი ძღვენის შეწირვის ჟამამდე. მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი. 30 და უთხრა ელიამ მთელ ხალხს: „ახლოს მოდით.” და მივიდა მასთან მთელი ხალხი და დაიწყო უფლის დანგრეული სამსხვერპლოს შეკეთება. 31 და აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო იაკობის ძეთაგან, რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა: ისრაელი იქნებაო შენი სახელი. 32 და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე. სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი. 33 და დააწყო შეშა, შუა გაკვეთა მოზვერი და შეშაზე დადო. 34 და თქვა: „აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით აღსავლენ მსხვერპლსა და შეშას.” და თქვა: „გაიმეორეთ.” და გაიმეორეს. და თქვა: „მესამედ გადაასხით.” მათაც გადაასხეს მესამედ. 35 და ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი. 36 მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ერთი ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მსახური ვარ და შენი სიტყვისამებრ გავაკეთე ეს ყველაფერი. 37 ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.” 38 და ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი. ამოლოკა წყალიც, თხრილში რომ ესხა. 39 და დაინახა მთელმა ხალხმა, და პირქვე დაემხო და შეჰყვირა: „ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი!” 40 და უთხრა მათ ელიამ: „შეიპყარით ბაყალის წინასწარეტყველნი! არავინ გაგექცეთ!” და შეიპყრეს, და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა. 41 და უთხრა ელიამ ახაბს: „წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.” 42 და წავიდა ახაბი, რომ ეჭამა და ესვა. ხოლო ელია ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე გაწვა და პირისახე მუხლებში ჩამალა. 43 და უთხრა მსახურს: „წადი, ზღვისკენ გაიხედე.” და წავიდა და გაიხედა. და თქვა: „არაფერი ჩანს.” და უთხრა ელიამ: „შვიდგზის გააკეთე ასე.” 44 მეშვიდე ჯერზე თქვა: „აჰა, მცირე ღრუბელი, მუჭისოდენა, ამოდის ზღვიდან”. და თქვა ელიამ: „წადი, უთხარი ახაბს: ‘შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს.’“ 45 ამასობაში ცა მოიქუფრა ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა ხშირი წვიმა. და შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელისკენ გაემართა. 46 და ხელი უფლისა იყო ელიასთან. და შეიკრა თავისი ქამარი და ახაბის წინ რბოდა იზრეყელამდე.