პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ
აბრაამის მაგალითი
რწმენით გამართლება
13 ვინაიდან აბრაამს ან მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა ყოფილიყო სოფლის მემკვიდრე. 14 თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა – უსარგებლო. 15 ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, რადგან სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია. 16 მაშ, რწმენით, რათა ყოფილიყო მადლით, რათა აღთქმა მტკიცე ყოფილიყო მთელი თესლისათვის. არა მარტო რჯულით თესლისათვის, არამედ რწმენით აბრაამის თესლისათვისაც, ვინც ყველა ჩვენგანის მამაა 17 როგორც სწერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც იგი ერწმუნა, ღმერთს, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არყოფილს ყოფად მოუწოდებს. 18 რომელიც უსასოობაში ერწმუნა სასოებით, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი თესლი.“ 19 არ დაუძლურებულა რწმენაში, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო. 20 მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღქმაში ურწმუნოებით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. 21 და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა. 22 ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ. 23 და არა მარტო მისი გულისათვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მასა, 24 არამედ ჩვენი გულისთვისაც: ჩაგვეთვლება ჩვენც, იმის მორწმუნეებს, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო, 25 რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენდა გამართლებად.
თავი მესამე თავი მეხუთე