Homeბიბლიაახალი აღთქმა

რომაელთა 12

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ
ახალი სიცოცხლე ქრისტეში

121 ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერ მსახურება იქნება. 2 და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
   3 ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად, იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს. 4 ვინაიდან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. ასევე ჩვენ, მრავალნი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი. 6 და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული, თუ ქადაგებაა – რწმენის მიხედვით, 7 თუ მსახურებაა – გამხნევებაში, თუ მოძღვარია – დამოძღვრაში, 8 თუ გამამხნევებელია – გამხნევებაში, გამნაწილებელია – უბრალოებაში, წინამდგომია – სიბეჯითეში და მწყალობელია – მხიარულებაში.

ქრისტიანული ცხოვრების წესები

9 სიყვარული წრფელი იყოს. გძაგდეთ ბოროტი და მიეკვროდეთ კეთილს. 10 ძმათმოყვარეობაში – ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით. 11 იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით. სულით აღეგზნეთ. ემსახურეთ უფალს. 12 იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი. 13 მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას. 14 ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით. 15 მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ. 16 ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთში. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მისდიეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი. 17 ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. 18 თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. 19 შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან სწერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი.“ 20 ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი: თუ სწყურია, დაალევინე. ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. 21 არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით.

თავი მეთერთმეტე                                                                                                                             თავი მეცამეტე

COMMENTS