პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ
პირადი მოკითხვები
3 მოიკითხეთ პრისკა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, 4 რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც, 5 და მათი საშინაო ეკლესიაც. მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც აზიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის. 6 მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის. 7 მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე. 8 მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემი საყვარელი, უფალში. 9 მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში, და ჩემი საყვარელი სტაქისი. 10 მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს შინაურები. 11 მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი. მოიკითხეთ ნარკისუსის შინაურები, უფალში მყოფნი. 12 მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი. მოიკითხეთ საყვარელი პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში. 13 მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედა მისი და ჩემი. 14 მოიკითხეთ ასვინკრიტოსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მათთან მყოფი ძმები. 15 მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეასი და მისი და, ოლიმპასი, და მათთან მყოფი ყველა წმიდა. 16 მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.
გაფრთხილება განხეთქილების წინააღმდეგ
17 შეგაგონებთ, ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი. 18 ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს. 19 რადგან თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია. ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა, რომ ბერძნები იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი – ბოროტისათვის. 20 ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა. ამინ. 21 მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი. 22 მოკითხვას გითვლით უფალში ტერტოსი, ამ წერილის დამწერი. 23 მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოზი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის მოურავი ერასტოსი და ძმა კვარტოსი. 24 ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ. 25 ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნისიდან მიდუმებული იყო, 26 ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას. 27 ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თავი მეთხუთმეტე პავლე მოციქულის წერილი კორინთელთა მიმართ