მეორე რჯული 14:28
სამი წლის ბოლოს აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააწყვე შენს კარიბჭეებში.
მეორე რჯული 15:8
არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მას მისი გასაჭირისამებრ, რაც მას სჭირდება.
იობი 31:16-22
თუ ოდესმე უარი მეთქვას ღატაკთა სათხოვარზე, ან ქვრივის თვალები გამეწბილებინოს, ან თუ ჩემი პურის ლუკმა მარტოს მეჭამოს და ობლისათვის არ გამეყოს, რადგან ყრმობიდანვე ისე იზრდებოდა ჩემთან, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი მას; თუ მენახოს მომაკვდავი უსამოსლოდ ან გლახაკი უმოსასხამოდ, და მის საზარდულს არ დაველოცე და არ გამთბარიყო ჩემი ცხვრის მატყლით, თუ ობოლზე ხელი აღმემართოს, როცა კარიბჭესთან ჩემს შემწეს დავინახავდი, მაშინ ბეჭს მოსწყდეს ჩემი მხარი და მკლავი იდაყვში გადამიტყდეს!
ფსალმუნები 111:5-9
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი – გამართულად ილაპარაკებს სამართალში; რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი. ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცედ არის მისი გული მინდობილი უფალზე. იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს. განაბნია და მისცა ღატაკთ; მისი სიმართლე მარადიულია, მისი რქა ამაღლდება დიდებით.
იგავნი 19:17
ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას.
ესაია 58:7
განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელჰყოფ.
ესაია 58:10
და მისცემ მშიერს შენს სულს და წამებულის სულს გააძღობ, მაშინ გაბრწყინდება სიბნელეში შენი ნათელი და შენი წყვდიადი შუადღესავით იქნება.
მათეს 5:42
ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
მათეს 6:1-4
ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.
მათეს 25:35
ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,
ლუკას 10:35
მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო.
ლუკას 11:41
არამედ გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა, და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ.
ლუკას 12:33
გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ ავნებს,
ლუკას 14:13
არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები.
ლუკას 18:22
ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი.”
ლუკას 19:8
ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ.”
საქმეები 3:2-7
იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე საპყარი. ყოველდღე მოჰყავდათ იგი და სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. როცა დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე, და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.” იგი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს გამორჩებოდა. უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე!” მარჯვენაზე მოჰკიდა ხელი და წამოაყენა, და მას უცბად გაუმაგრდა ფეხები და კოჭები.
საქმეები 9:36
იყო იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.
საქმეები 10:2-4
კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო და მთელს თავის სახლთან ერთად, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე. იხილა მან ჩვენებაში ცხადად, ასე, დღის მეცხრე საათზე, ღვთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიოს!” შეხედა მას შეშინებულმა და თქვა: „რა არის, უფალო?” მან უთხრა: „შენი ლოცვანი და მოწყალებანი ამაღლდა ღვთის წინაშე მოსახსენებლად.
საქმეები 10:31
თქვა: ‘კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე.
საქმეები 24:17
მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ხალხისათვის მოწყალებისა და შესაწირავის მოსატანად.
1 კორინთელთა 16:1-3
რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, რამდენადაც ხეირი ნახოს, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მოვავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში.
2 კორინთელთა 9:6-7
ამასთან გეტყვით, ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის. თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.
გალატელთა 2:10
ოღონდ უნდა გვხსომებოდა ღატაკები, და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი.
ეფესელთა 4:28
ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად.
1 ტიმოთეს 6:18
რომ იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი.
1 იოანეს 3:17
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?