რომაელთა 1:21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
ესაია 1:2-3
ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ. ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი – თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
იერემია 2:5-6
ასე ამბობს უფალი: „რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ? ამაოებას მისდიეს და თვითონაც რომ ამაონი გახდნენ? არ უკითხავთ: სად არის უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან ამოგვიყვანა, რომელმაც უდაბნოში, ტრამალებზე და დახრამულ ადგილებში გვატარა, ურწყულ და ბნელ ქვეყანაში, სადაც კაცს არ გაუვლია და სადაც ადამიანს არ უცხოვრია?
მიქა 6:2-4
ისმინეთ, ბორცვებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს. ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი.
მეორე რჯული 32:5-6
გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა. ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!
ფსალმუნები 105:6-7
შევცოდეთ ჩვენი მამებივით, მრუდედ და ბოროტად მოვიქეცით. ვერ შეიცნეს ჩვენმა მამებმა შენი სასწაულები ეგვიპტეში, არ გაიხსენეს მრავალი წყალობა შენი და ზღვასთან აგიჯანყდნენ, წითელ ზღვასთან.
იერემია 2:11-13
თუ შეუცვლია რომელიმე ერს თავისი ღმერთები, თუმცა ისინი არ არიან ღმერთები. ჩემმა ხალხმა კი უსარგებლო კერპებზე გაცვალა თავისი დიდება. გაოგნდით, ცანო, ამ ამბის გამო, შეძრწუნდით და შეშფოთდით” – ამბობს უფალი. „რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
მეორე რჯული 31:20
რადგან, როდესაც შევიყვან მათ იმ მიწაზე, რომელიც შევფიცე მათ მამებს, სადაც მოედინება რძე და თაფლი, გაძღებიან ჭამით, გასუქდებიან და მიბრუნდებიან სხვა ღმერთებისკენ, ემსახურებიან მათ, განმარისხებენ და დაარღვევენ ჩემს აღთქმას.
მეორე რჯული 32:15
გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.
იერემია 5:7-11
„როგორღა გაპატიო ეს? შენმა ძეებმა მიმატოვეს და იმათ იფიცებენ, ღმერთები რომ არ არიან; მე ვანაყრებდი მათ, ისინი კი მრუშობდნენ და მეძავთა სახლებში მიიჩქაროდნენ. გამაძღარი, ატეხილი ულაყებივით არიან – თითოეული თავისი მოყვასის ცოლს შეჭიხვინებს. არ დაგსაჯოთ ამის გამო? ამბობს უფალი. შურს არ იძიებს ჩემი სული ასეთ ხალხზე? შედით მის ვენახში და მოსპეთ, მაგრამ არა ბოლომდე. ყლორტები ააჭერით, რადგან უფლისა არ არიან ისინი. რადგან მიღალატა ისრაელისა და იუდას სახლმა!” – ამბობს უფალი;
მეორე რჯული 8:11-14
გაფრთხილდი, არ დაივიწყო უფალი, შენი ღმერთი; არ უგულებელყო მისი მცნებები, სამართალი და დადგენილებანი, რომელთაც გამცნებ, როცა შეჭამ და გაძღები, აიშენებ მშვენიერ სახლებს და იცხოვრებ მათში, როცა გაგიმრავლდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, გაგიმრავლდება ვერცხლი და ოქრო, და ყოველივე გაგიმრავლდება; ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;
1 მეფეთა 12:24-25
ოღონდ გეშინოდეთ უფლის და ემსახურეთ მას ჭეშმარიტებითა და მთელი თქვენი გულით, რადგან ხედავთ, რა დიადი საქმეები მოიმოქმედა თქვენთვის. მაგრამ თუ მაინც ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.
ნეემია 9:20-27
შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი – მათი მწყურვალებისას. ორმოც წელს ინახავდი მათ უდაბნოში, არაფერი მოჰკლებიათ – სამოსელი მათი არ გაცვეთილა და ფეხები მათი არ დასიებულა. მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, მიწები დაუნაწილე მათ და დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანას. ცის ვარსკვლავებივით გაამრავლე მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ეუბნებოდი მათ მამებს, რომ შესულიყვნენ მის დასამკვიდრებლად. შევიდნენ ძენი და დაიმკვიდრეს ქვეყანა; დაუმორჩილე მათ ქანაანელთა ქვეყნის მკვიდრნი, ხელში ჩაუგდე ისინი, მათი მეფენი და ქვეყნის ხალხნი, რომ საკუთარი ნებისამებრ მოქცეოდნენ მათ. დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და ნოყიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, ამოკვეთილი ჭები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები და ნაყოფიერი ხეები მრავლად; ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით. მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს. ამიტომ ჩაყარე ისინი მტრების ხელთ, რათა შეევიწროებინათ. შემოგღაღადებდნენ შეჭირვების ჟამს და შენც უსმენდი ზეციდან შენი დიდი სიბრალულისამებრ, მხსნელთ მოუვლენდი და იხსნიდნენ ისინი მათ მტრების ხელიდან.
ოსია 2:8-9
ის კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მარცვლეულს, მაჭარსა და ზეთს, ვუმრავლებდი ვერცხლსა და ოქროს, ბაყალს რომ ახარჯავდა. ამიტომ უკან წავიღებ ჩემს მარცვლეულს თავის დროზე და ჩემს მაჭარს თავის ჟამს; წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც იფარავდა სიშიშვლეს.
ესაია 5:1-7
სიმღერას ვუმღერებ ჩემს მიჯნურს მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს საყვარელს ნაყოფიერ გორაკზე. დაამუშავა, გაასუფთავა ქვებისგან, ჩაყარა საუკეთესო ვაზი, კოშკი ააგო მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა; იმედოვნებდა, რომ ყურძენს მოისხამდა, მაგრამ ველური ნაყოფი გამოიღო. ახლა კი, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცებო, გთხოვთ განგვსაჯეთ მე და ჩემი ვენახი. რაღა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და არ გავუკეთე? რატომ მოისხა ველური ნაყოფი, როცა ყურძენს ველოდებოდი? ახლა კი გთხოვთ მათქმევინოთ, რის გაკეთებას ვუპირებ ჩემს ვენახს – შემოვარღვევ ღობეს და საძოვრად იქცევა, შემოვუნგრევ ზღუდეს და გაპარტახდება. გავაუდაბურებ მას, არ გაიმარგლება და არ გაითოხნება იგი; გაიზრდება ნარ-ეკლად და ვუბრძანებ ღრუბლებს არ აწვიმონ მასზე წვიმა. ისრაელის სახლია ცაბაოთ უფლის ვენახი და იუდას ხალხი – ნერგი მისი სიამისა; სამართალს მოელოდა და აჰა – სისხლისღვრაა; სიმართლეს და აჰა – ტანჯვის მოთქმაა.
მსგავსი თემები: