დაბადება 15:16
მეოთხე თაობა დაბრუნდება აქეთ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორელთა ურჯულოება”.
დაბადება 18:23-32
მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად? ეგებ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდეს მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს, იქ არსებული ორმოცდაათი მართალის გამო? შორს შენგან ასეთი საქმე – რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან – რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!” უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”. მიუგო აბრაჰამმა: „გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი. იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!” განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: „იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”. კვლავ თქვა აბრაჰამმა: „ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”. კვლავ უთხრა: „გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: „ოცისთვისაც არ დავღუპავ”. თქვა აბრაჰამმა: „ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: „არც ათისთვის დავღუპავ”.
ნეემია 9:30
მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.
იონა 4:10
უფალმა კი უთხრა: „შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა.
რომაელთა 3:25
რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისი სისხლით, რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში,
რომაელთა 2:4
თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?
2 პეტრეს 3:8-10
არც ის უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისთვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა, და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, დაიწვებიან.
მალაქია 3:1-6
აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს, რომელიც გაამზადებს გზას ჩემ წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, თქვენ რომ ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის! – ამბობს ცაბაოთ უფალი. ვინ გაუძლებს მისი მოსვლის დღეს და ვინ დადგება მისი გამოჩენისას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივითაა და მრეცხავის ტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივით და გამწმედელივით; გაწმედს ლევის ძეებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რათა სიმართლეში მიართვან უფალს შესაწირი. მაშინ საამო იქნება უფლისთვის იუდასა და იერუსალიმის შესაწირი, როგორც ძველ დღეებში და გარდასულ წლებში. მოვალ თქვენთან განსასჯელად და მაშინვე გამოვალ მოწმედ ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა და დაქირავებულთათვის საზღაურის დამკავებელთა წინააღმდეგ, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებთა და მათ წინააღმდეგ, ვისაც არა აქვს ჩემი შიში! – ამბობს ცაბაოთ უფალი. რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, ამიტომ არ ნადგურდებით თქვენ, იაკობის ძენო.
ესაია 53:7
შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.
1 პეტრეს 2:23
რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;