ძველი აღთქმა
ეზრა
91 და ეს ყოველივე რომ დასრულდა, მეახლნენ მე მთავრები და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანები არ განდგომიან ქვეყნების ხალხებს – ქანაანელთა, ხეთელთა, ფერიზელთა, იებუსელთა, ყამონელთა, მოაბელთა, ეგვიპტელთა და ამორეველთა სიბილწეებს, 2 რადგან მოიყვანეს მათი ასულები თავიანთთვის და თავიანთი ვაჟებისათვის, და შეერია წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებს; და მთავარი ხელი ამ ურჯულოებაში მთავრებისა და წინამძღოლებისა იყო.” 3 და ეს ამბავი რომ გავიგე, შემოვიხიე სამოსელი და მოსასხამი, და ვიგლეჯდი თმა-წვერს და ვიჯექი გაოგნებული. 4 და თავი მოიყარეს ჩემთან ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის სიტყვებისა გადანასახლებთა ურჯულოების გამო; მე კი ვიჯექი გაოგნებული საღამოს მსხვერპლშეწირვამდე. 5 და საღამოს მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობისაგან, და ჩემი შემოხეული სამოსლითა და ჩემი მოსასხამით დავემხე მუხლებზე და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღვთის, მიმართ. 6 და ვთქვი: „ღმერთო ჩემო! მრცხვენია და მერიდება სახის მოპყრობა შენს მიმართ, რადგან ჩვენი ურჯულოებანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული გაიზარდა ცამდე. 7 ჩვენი მამების დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვართ; და ჩვენი ურჯულოების გამო ჩავვარდით ჩვენ, ჩვენი მეფენი და ჩვენი მღვდლები უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში, მახვილის ქვეშ, ტყვეობაში, ძარცვაში და სირცხვილში, როგორც დღესა ვართ. 8 და ახლა წამიერად იქნა მოცემული ჩვენთვის წყალობა უფლისაგან, ჩვენი ღმერთისაგან, რათა დაეტოვებინა ჩვენთვის გადარჩენილი ნატამალი და მოეცა სამსჭვალი თავის წმიდა ადგილზე, რომ გაენათებინა ჩვენი თვალები ჩვენს ღმერთს და ცოტათი მაინც გავეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში. 9 რადგან მონები ვართ ჩვენ და ჩვენს მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს და განავრცო ჩვენზე წყალობა სპარსეთის მეფეთა წინაშე, რომ გავეცოცხლებინეთ, რომ აღგვემართა ჩვენი ღვთის სახლი; აღგვედგინა ნანგრევებიდან, რომ ზღუდე მოგვცემოდა იუდასა და იერუსალიმში. 10 და ახლა კი რა უნდა ვთქვათ, ღმერთო ჩვენო, ამის შემდეგ? რადგან მივატოვეთ შენი მცნებანი, 11 შენი მსახურების, შენი წინასწარმეტყველების ხელით რომ გვაუწყე და გვითხარი: ‘ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, უწმიდური ქვეყანაა იმ ქვეყნების ხალხების უწმიდურებისა და სიბილწის გამო, რომელთაც კიდით კიდემდე აქვთ ავსებული თავიანთი სიბინძურით. 12 და ახლა თქვენი ასულები არ გაატანოთ მათ ვაჟებს და მათი ასულები არ მოუყვანოთ თქვენს ვაჟებს. არ ეძებოთ მათთვის მშვიდობა და სიკეთე უკუნისამდე, რათა გაძლიერდეთ და ჭამოთ ქვეყნის დოვლათი და სამარადისოდ დაუმკვიდროთ იგი თქვენს ძეებს!’ 13 და ყოველივე ამის შემდეგ, რაც თავს დაგვატყდა ჩვენი ავი საქმეებისა და ჩვენი დიდი დანაშაულის გამო, რადგან შენ, ღმერთო ჩვენო, იმაზე ნაკლებად დაგვსაჯე, ვიდრე ამას ჩვენი უკეთურებანი იმსახურებდნენ და მოგვამადლე გადარჩენილი ნატამალი, როგორც ესაა. 14 ნუთუ კვლავ დავარღვევთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით ამ ბილწ ხალხებს? მაშინ ხომ განგვირისხდები მოსასპობად ისე, რომ აღარც ნატამალი იქნება და აღარც ვინმე გადარჩენილი. 15 უფალო, ღმერთო ისრაელისა! სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ნატამალი ვართ დღესდღეობით. აჰა, ჩვენ შენს წინაშე ვართ ჩვენი დანაშაულითურთ, თუმცა არავის ძალუძს შენს წინაშე დგომა ამის გამო.”
COMMENTS