ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
91 ყოველივე ეს ჩავიდე ჩემს გულში, რათა გამომერკვია, რომ მართალნი და ბრძენნი და მათი საქმენი ღმერთის ხელთაა. არც სიყვარული და არც სიძულვილი არ იცის ადამიანმა – ყოველივე ეს მის წინაშეა. 2 ერთი და იგივე მოსდის ყველას: ერთი ხვედრი აქვს მართალსა და უკეთურს, კეთილს, სპეტაკსა და მანკიერს, მსხვერპლის შემწირველს და იმას, ვინც მსხვერპლს არ სწირავს, როგორც პატიოსანს, ისე ცოდვილს, მოფიცარსა თუ ფიცის მოშიშს. 3 აი, რა არის ცუდი ყოველივეში, რაც მზის ქვეშ ხდება, რომ ერთი ხვედრი აქვს ყველას, და ადამიანის ძეთა გულიც სავსეა ბოროტებით, და სისულელეა მათ გულებში მათ სიცოცხლეში. ამის შემდეგ კი მკვდრებისაკენ წავლენ. 4 რადგან მას, ვინც სიცოცხლის თანაზიარია, აქვს იმედი, რადგან ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომსა სჯობია. 5 რადგან ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, ხოლო მკვდრებმა არაფერი არ იციან და არა აქვთ მეტად საზღაური, რადგან დავიწყებულია მათი ხსენება. 6 მათი სიყვარულიც, მათი სიძულვილიც, მათი შურიც უკვე გაქრა და მათ საუკუნოდ აღარა აქვთ წილი აღარაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება. 7 წადი, სიხარულში ჭამე შენი პური და გულმხიარულად სვი შენი ღვინო, რადგან ღმერთმა უკვე მოიწონა შენი საქმენი. 8 ყოველჟამს თეთრი იყოს შენი ტანსაცმელი და ნელსაცხებელი არ მოაკლდეს შენს თავს. 9 განიცადე ცხოვრება ქალთან, რომელიც შენ გიყვარს მთელი შენი ამაო ცხოვრების დღეებში, რომელიც მოგცა შენ ღმერთმა მზის ქვეშ მთელ შენს ამაო დღეებში, რადგან ესაა ხვედრი შენი სიცოცხლესა და შრომაში, რასაც შენ შრომობ მზის ქვეშ. 10 ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, შენი ძალისამებრ გააკეთე, რადგან არ არის საქმე და ჩანაფიქრი და ცოდნა და სიბრძნე შავეთში, სადაც შენ მიდიხარ. 11 კიდევ ვიხილე მზის ქვეშ, რომ არც მკვირცხლებს აქვთ წარმატება სირბილში და არც მამაცებს – ომში, და არც ბრძენთ აქვთ პური და არც გონიერთ – სიმდიდრე და არც მცოდნეთ – მოწონება. მაგრამ ჟამი და შემთხვევა ელოდება მათ ყველას. 12 რადგან არც ადამიანმა იცის თვისი ჟამი: მსგავსად თევზებისა, ჩაჭიდებულნი რომ არიან ბოროტ ბადეს და მსგავსად ფრინველებისა, გაბმულნი რომ არიან მახეში, მათსავით შეპყრობილ იქნებიან ადამის ძენიც უბედურების ჟამს, უცებ რომ დაატყდება მათ. 13 კიდევ ასეთი სიბრძნე ვიხილე მზის ქვეშ და დიდია ის ჩემთვის: 14 იყო პატარა ქალაქი და მცირე ხალხი მასში. და მოადგა მას დიდი მეფე და შემოარტყა მას დიდი ალყა. 15 მაგრამ მოიძებნა მასში ღატაკი ბრძენი და მან გაადარჩინა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ კაციშვილს არ გაუხსენებია ეს ღატაკი კაცი. 16 და ვთქვი მე: „სიბრძნე სჯობს სიმამაცეს.” მაგრამ ღატაკის სიბრძნეც აბუჩადაა აგდებული და მის სიტყვებს არ ისმენენ. 17 უფრო ისმის მშვიდად თქმული სიტყვანი ბრძენისა, ვიდრე ყვირილი ხელმწიფისა ბრიყვთა შორის. 18 სჯობს სიბრძნე საბრძოლო იარაღს, მაგრამ ერთი ცოდვილი ღუპავს მრავალ კეთილს.