ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
51 გაუფრთხილდი შენს ფერხთ, როდესაც ღვთის სახლში ივლი და მიუახლოვდი მოსასმენად და არა ბრიყვთა მსხვერპლის შესაწირად, რადგან მათ არ იციან, ბოროტს რომ სჩადიან. 2 ნუ იჩქარებ შენი ბაგით და შენი გული ნუ ისწრაფებს სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი მიწაზე ხარ. ამის გამო იყოს შენი სიტყვები მცირე. 3 როგორც სიზმარი მოდის ბევრი ამბებით, ასევე ბრიყვის ხმაში ისმის ბევრი სიტყვა. 4 როდესაც აღთქმას აღუთქვამ ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მას არ უყვარს ბრიყვნი. რაც აღუთქვი, შეასრულე. 5 სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო. 6 ნუ მისცემ ნებას შენს ბაგეთ ცოდვაში შეიყვანონ შენი ხორცი და ნუ იტყვი ანგელოზთა წინაშე, რომ „შეცდომაა ეს!” რატომ განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და აზიანებდეს შენი ხელით ნაკეთებს? 7 რადგან ოცნებათა და სიტყვათა სიმრავლეში ბევრი ამაოებაა. მაგრამ შენ გეშინოდეს ღვთისა. 8 თუ ღატაკთა ჩაგვრას, სიმართლისა და სამართლიანობის მოტაცებას იხილავ ოლქში, ნუ გაიკვირვებ ამას, რადგან მაღალზე მაღალი ზედამხედველობს და მათზე კი – უმაღლესი. 9 სარგებელი მიწისაგან ყველასათვისაა, დამუშავებული მინდორი მეფისათვისაა. 10 ვერცხლის მოყვარული ვერ გაძღება ვერცხლით, და ვისაც სიმდიდრე უყვარს, ვერ გაძღება მით. ესეც ამაოებაა. 11 რაც უფრო მეტია კარგი რამ, მით უფრო მეტია მჭამელი. მის პატრონს კი რა სარგებელი აქვს, თავისი თვალებით ცქერის გარდა? 12 ტკბილია მშრომელის ძილი, ცოტას შეჭამს თუ ბევრს, მაგრამ სიმაძღრე მდიდარს არ ანებებს ძილს. 13 ავი სატკივარი ვიხილე მზის ქვეშ: სიმდიდრე, თავისი პატრონის მიერ შენახული – მისდა საუბედუროდ. 14 და იღუპება ის სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო. და შვა მან ძე, ხელთ კი არაფერი აქვს. 15 როგორც გამოვიდა თავისი დედის მუცლიდან შიშველი, ისე წავა, და არაფერს მიიღებს თავისი შრომის საზღაურად, რომ წაიღოს ხელით. 16 და ესეც ავი სატკივარია: როგორც მოვიდა, ისე წავა. და რა სარგებელი აქვს მას, რომ ქარისათვის შრომობს? 17 მთელი თავისი დღეები ბნელში მოჭამა. ბევრს წუხდა, ავადობდა და ბრაზობდა. 18 აჰა, სად დავინახე სიკეთე: რომ ჭამოს და სვას კაცმა და ნახოს სიკეთე მთელი თავისი ნაშრომიდან, როდესაც შრომობს მზის ქვეშ თავისი სიცოცხლის იმ დათვლილ დღეებში, რომელიც მას მისცა ღმერთმა. რადგან ეს არის მისი ხვედრი. 19 თუ ადამიანს ღმერთმა მისცა სიმდიდრე და ქონება, რომ ისარგებლოს მით და მიიღოს თავისი წილი და იხაროს თავისი შრომით – ეს ღმერთის საჩუქარია. 20 რადგან დიდხანს არ ემახსოვრება მას თავისი სიცოცხლის დღეები, რადგან ღმერთი პასუხობს მას მისი გულის სიხარულით.