ეკლესიასტე 3

ივნისი 30, 2015
ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
31 ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს თავისიჟამი აქვს ცის ქვეშ: 2 ჟამი დაბადებისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის აღმოფხვრისა; 3 ჟამი მოკვლისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა; 4 ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა; 5 ჟამი ქვათა სროლისა და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი ხვევნისა და ჟამი ხვევნისგან განშორებისა; 6 ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გადაგდებისა; 7 ჟამი რღვევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა; 8 ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა. 9 რა სარგებლობა აქვს მკეთებელს თავისი შრომისაგან? 10 მე ვიხილე საზრუნავი, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანებს. 11 ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი. 12 ვიცი, რომ არ არის მათთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე მხიარულება და სიკეთის ქმნა თავის სიცოცხლეში. 13 და თუ რომელიმე ადამიანი ჭამს და სვამს და ხედავს სიკეთეს მთელ თავის ნაშრომში, ეს ღვთის საჩუქარია. 14 ვიცი, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, საუკუნოდ იქნება – არც მიემატება და არც მოაკლდება; და ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ეშინოდეთ მისი. 15 რაც არის, უკვე იყო და რაც იქნება, უკვე ყოფილა, და ღმერთი მოიკითხავს გარდასულს. 16 და კიდევ ვიხილე მზის ქვეშ: სამართლის ადგილი – იქ კი უკეთურებაა, სამართლიანობის ადგილი – იქ კიდევ უკანონობაა. 17 ვთქვი ჩემს გულში: „მართალსა და უკეთურს ღმერთი განსჯის, რადგან იქაა ჟამი ყოველი საგნისა და ყოველი საქმისა.” 18 ვთქვი მე ჩემს გულში ადამიანზე, რომ გამოცადა ისინი ღმერთმა და აჩვენა მათ, რომ ისინი პირუტყვები არიან მხოლოდ. 19 რადგან ხვედრი ადამიანთა და ხვედრი პირუტყვისა ერთი და იგივე ხვედრია: როგორც ერთი კვდება, ისევე კვდება მეორეც. და ერთი სუნთქვა აქვს ყველას, და არა აქვს ადამიანს უპირატესობა პირუტყვზე, რადგან ყოველივე ამაოებაა. 20 ყოველივე მიდის ერთი ადგილისკენ: ყოველივე მიწისაგან წარმოიშვა და ყოველივე მიწას უბრუნდება. 21 ვინ უწყის, ადის კი მაღლა ადამიანთა სული და პირუტყვის სული კი ჩადის დაბლა, მიწაში? 22 და ვიხილე, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარობდეს ადამიანი თვისი საქმით, რადგან ესაა მისი ხვედრი. რადგან ვინ მიიყვანს მას იმის სანახავად, რაც მის შემდეგ იქნება?
თავი მეორე                                                                                                                                            თავი მეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close