ეკლესიასტე 2

ივნისი 30, 2015
ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
21 ვუთხარი მე ჩემს თავს: „მოდი, გამოგცდი მხიარულებაში, რომ ვიპოვო, რა არის კარგი!” და ესეც ამაოება იყო. 2 სიცილზე ვთქვი: „სისულელეა!” და მხიარულებაზე: „რის მაქნისია?” 3 ვეცადე ღვინით აღმეგზნო ჩემი სხეული, თუმცა ჩემი გული სიბრძნით წარმმართავდა, და სისულელეს მივდევდი, სანამ არ ვიხილე, თუ რა არის კარგი ადამიანისთვის, რასაც ის აკეთებს ცის ქვეშ თავისი სიცოცხლის დათვლილ დღეებში. 4 წამოვიწყე დიდი საქმენი: ავიშენე სახლები და ჩავყარე ჩემთვის ვენახები; 5 მოვაწყვე ჩემთვის ბაღნი და წალკოტნი და დავრგე მათში ყოველგვარი ხეხილი. 6 ავიშენე ტბორები ხეთა ასაყვავებლად და ბაღნარის მოსარწყავად. 7 შევიძინე მრავალი მონა და მხევალი, და შინ დაბადებული მონაც მრავლად მყავდა. ასევე ძროხაც და ცხვარიც უფრო მეტი მყავდა, ვიდრე ყველას, ვინც ჩემზე წინ ცხოვრობდა იერუსალიმში. 8 შევაგროვე ჩემთვის ვერცხლიც და ოქროც, და მეფეთა და ოლქთა საგანძური. შევიძინე ჩემთვის მომღერალი კაცნი და ქალნი, ასევე ადამიანთა სიამენი – ხარჭანი მრავალნი. 9 და განვდიდდი მე და გადავაჭარბე ყველას, ვინც ჩემზე წინ იყო იერუსალიმში, და ჩემი სიბრძნეც მეხმარებოდა. 10 და რასაც ჩემი თვალები ითხოვდნენ, არაფერზე არ ვეუბნებოდი უარს, არავითარი სიხარულისაგან არ ვიკავებდი თავს, რადგან ხარობდა ჩემი გული მთელი ჩემი შრომისაგან და ეს იყო ჩემი წილი მთელი ჩემი შრომისაგან. 11 შემდეგ დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა გააკეთეს, და ნაშრომს, შრომით რომ გავაკეთე: და ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო და სარგებელი ვერაფერი ვპოვე მზის ქვეშ. 12 და შემდეგ დავიწყე განსჯა სიბრძნისა, სიბრიყვისა და სისულელისა. რა შეუძლია გააკეთოს მან, ვინც მეფის შემდეგ მოვა? მხოლოდ ის, რაც უკვე გაკეთებულია. 13 და დავინახე, რომ უპირატესობა აქვს სიბრძნეს სიბრიყვესთან, როგორც სინათლეს აქვს უპირატესობა სიბნელესთან. 14 ბრძენის თვალები მის თავშია, ბრიყვი კი სიბნელეში დადის. მაგრამ ისიც შევიტყვე, რომ ერთი ხვედრი ეწევათ მათ ყველას. 15 და ვთქვი მე ჩემს გულში: „რაც ბრიყვს შეემთხვევა, მეც შემემთხვევა და რიღასთვის ვიყავი ბრძენი?” და ვთქვი ჩემს გულში, რომ ესეც ამაოებაა, 16 რადგან როგორც ბრიყვს არ დაიხსომებს არავინ, ისე არ ინახება საუკუნოდ ბრძენის ხსენება, და მომავალ დღეებში ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. და როგორ ერთნაირად კვდებიან ბრიყვი და ბრძენი? 17 და შემძულდა ცხოვრება, რადგან შრომა მზის ქვეშ წუხილი იყო ჩემთვის, რადგან ყოველივე ამაოება და ქარის დევნაა! 18 და შემძულდა მე მთელი ჩემი ნაშრომი, რაც ვიშრომე მზის ქვეშ, რადგან ვუტოვებ მას ადამიანს, ჩემს შემდეგ რომ იქნება. 19 და ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ ბრიყვი, ვინც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაშრომს, ჩემი შრომითა და სიბრძნით რომ მოვიპოვე მზის ქვეშ. ესეც ამაოებაა! 20 და შევაქციე მე ზურგი უიმედოდ მთელს იმ ნაშრომს, რაც ვიშრომე მზის ქვეშ. 21 რადგან ხდება, რომ ადამიანი შრომობს სიბრძნით, ცოდნით და ნიჭით, და აძლევს წილად ადამიანს, რომელსაც ამაზე არ უშრომია. და ესეც ამაოება და დიდი ბოროტებაა! 22 რადგან რა რჩება ადამიანს მთელი მისი შრომისაგან და თვისი გულისსწრაფვისაგან, მზის ქვეშ რომ შრომობს იგი? 23 მთელი მისი დღეები სალმობაა და მისი საქმე – მწუხარება; ღამითაც კი არ აქვს მოსვენება მის გულს. ესეც ამაოებაა. 24 განა უკეთესი არ არის ადამიანისათვის, რომ ჭამოს და სვას და უჩვენოს კეთილი თავის სულს თავისი შრომით? ესეც ვიხილე მე, რადგან ესეც ღვთის ხელიდანაა. 25 რადგან ვინ შეჭამს და ვინ დატკბება მის გარეშე? 26 რადგან ადამიანს, რომელიც კეთილია მის წინაშე, მისცა მან სიბრძნე, ცოდნა და სიხარული. და მისცა მას საზრუნავი – შეკრიბოს და მოაგროვოს, რომ მისცეს კეთილს უფლის წინაშე. ესეც ამაოება და ქარის დევნაა.
თავი პირველი                                                                                                                                            თავი მესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close