HomeUncategorized

ეკლესიასტე 4

ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
41 და კიდევ მე ვიხილე ყოველი ჩაგვრა, რომელიც ხდება მზის ქვეშ. ვნახე ცრემლნი ჩაგრულთა და ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ მათ. და ძალა მათ მჩაგვრელთა ხელთ იყო, მათ კი არ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. 2 და მშურდა მე მკვდართა, რომელნიც უკვე დაიხოცნენ, ცოცხლებზე მეტად, რომელნიც აქამდე ცოცხლობდნენ. 3 და მათზე, ორივეზე ბედნიერია ის, რომელიც ჯერ არ ყოფილა, რომელსაც არ უნახავს ეს ავი საქმენი, მზის ქვეშ რომ ხდება. 4 და ვიხილე მე, რომ ყოველგვარი შრომა და ყოველგვარი წარმატება საქმეში კაცის ქიშპობაა მისი მოყვასის მიმართ. ესეც ამაოება და ქარის დევნაა. 5 ბრიყვს დაკრეფილი აქვს ხელები და ჭამს თავის ხორცს. 6 სჯობს სიმშვიდით სავსე ერთი მუჭა ტანჯვით სავსე პეშვებს და ქარის დევნას. 7 და კვლავ ვიხილე მე ამაოება მზის ქვეშ. 8 იყო მარტოხელა კაცი: არც ძე, ჰყავდა, არც ძმა, ბოლო კი არა ჰქონდა მთელ მის შრომას, არც მისი თვალები გამძღარა სიმდიდრით. „და ვისთვის ვშრომობ მე და ვაკლებ ჩემს სულს სიკეთეს?” ესეც ამაოება და ავი საქმეა! 9 ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი გასამრჯელო აქვთ თავიანთ შრომაში. 10 რადგან თუ დაეცემიან, ერთი წამოაყენებს თავის მეგობარს, ხოლო მარტოხელა რომ დაეცეს, მეორე არაა, რომ წამოაყენოს იგი. 11 დაწვებიან ორნი და თბილად იქნებიან. ერთი კი როგორ გათბება? 12 და ერთს თუ დაამარცხებს ვინმე, ორნი დადგებიან მის წინააღმდეგ. სამმაგი ძაფი მალე არ გაწყდება. 13 სჯობს საწყალი და ბრძენი ბავშვი მოხუც და ბრიყვ მეფეს, რომელსაც აღარ ესმის გაფრთხილება. 14 რადგან ის საპატიმროდან გამოვა გასამეფებლად, თავის სამეფოში ღატაკადაც რომ დაიბადოს. 15 ვიხილე, რომ ყოველი მცხოვრები დადის მზის ქვეშ ამ მეორე ყრმასთან, რომელიც მის ნაცვლად დადგება. 16 ბოლო არა აქვს მთელ იმ ხალხს, რომელიც მის წინ იყო, მაგრამ არც შემდგომნი გაიხარებენ მისით, რადგან ესეც ამაოება და ქარის დევნაა.
თავი მესამე                                                                                                                                               თავი მეხუთე

COMMENTS