ძველი აღთქმა
ეკლესიასტე
101 მკვდარი ბუზი ამყრალებს, ადუღებს მენელსაცხებლის ზეთს. მცირე სიბრიყვე გადასწონის სიბრძნესა და ღირსებას. 2 ბრძენის გული მარჯვნივაა მიმართული, ბრიყვის გული კი – მარცხნივ. 3 და გზაზეც, რომლითაც ბრიყვი მიდის, გულისყური აკლია მას და თითქოს ყველას ეუბნება, რომ სულელია. 4 თუ ბატონის რისხვა აენთება შენზე, ნუ მიატოვებ შენს ადგილს, რადგან სიმშვიდე ფარავს დიდ ცოდვებს. 5 არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზის ქვეშ, როგორც შეცდომა, რომელიც გამოდის ხელმწიფისაგან: 6 სიბრიყვე მოთავსდა დიდ სიმაღლეებში, მდიდარნი კი მდაბლად სხედან. 7 ვიხილე მონები ცხენებზე, მთავარნი კი მონებივით მავალნი მიწაზე. 8 ორმოს ამომთხრელი მასში ჩავარდება, ზღუდის გამანგრეველს კი გველი უკბენს. 9 ქვების მომპოვებელი მათგან დაზიანდება, ხეთა გამპობს მათგან აქვს საფრთხე. 10 თუ ცული დაბლაგვდა და პატრონმა არ გაულესა პირი, მაშინ ძალა უნდა მოიკრიფოს. უპირატესობა სიბრძნისა წარმატებაშია. 11 თუ უკბენს გველი თილისმის შელოცვამდე, შემლოცავს არა აქვს უპირატესობა. 12 სიტყვანი ბრძენი პირისა მოსაწონია, ბრიყვის ბაგენი კი მასვე გადაყლაპავენ. 13 მისი პირის ნათქვამის დასაწყისი სიბრიყვეა, მისი პირის დასასრული კი – ავი სიბრიყვე. 14 ბრიყვი გაამრავლებს სიტყვებს, ადამიანმა არ იცის რა იქნება, და მის შემდეგ რა იქნება, ვინ ეტყვის მას? 15 ბრიყვთა შრომა ქანცავს მას, ვინც არც კი იცის, ქალაქის გზა. 16 ვაი შენ, ქვეყანავ, მეფედ ყრმა რომ გყავს, შენი მთავარნი კი დილიდანვე ჭამენ. 17 ნეტარება შენ, ქვეყანავ, რომ შენი მეფე დიდებულთა ძეა, ხოლო შენი მთავრები თავის დროზე ჭამენ ძალ-ღონის მოსაკრებად და არა სათრობად. 18 სიზარმაცის გამო ჭერი ჩამოიწევს და ხელების დაკრეფით სახლში წვეთავს. 19 გასართობად აწყობენ სერობას, და ღვინო ამხიარულებს ცხოვრებას, ვერცხლი კი ყველაფერს პასუხობს. 20 შენს ფიქრებშიც კი ნუ დასწყევლი მეფეს, და შენს საწოლ ოთახში ნუ დასწყევლი მდიდარს, რადგან ცის ფრინველი მიუტანს ამ ამბავს და ფრთოსანი მოუთხრობს შენს სიტყვას.
COMMENTS