HomeUncategorized

დანიელი 11

ძველი აღთქმა
დანიელი

111 დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და მფარველად დავუდექი მას. 2 ახლა ჭეშმარიტებას გეტყვი: აჰა, სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს. 3 დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდი ხელმწიფებით იხელმწიფებს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. 4 მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხ ქარს გაუნაწილდება და არა მის შთამომავლობას, თუმცა არა იმ ხელმწიფებით, რომლითაც ის ხელმწიფებდა, რადგან წაერთმევა სამეფო და სხვების იქნება, არა მათი. 5 გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ მასზე მეტად გაძლიერდება ერთ-ერთი მისი მთავართაგანი და ხელმწიფებას მოიხვეჭს. მისი ხელმწიფება დიდი ხელმწიფება იქნება. 6 წლების მერე ისინი კავშირს შეკრავენ. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა წრფელი პირობის შესაკვრელად, მაგრამ ასული ვერ შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც მეფე და მისი მოდგმა გაძლებს. გადაცემულ იქნება ასული თავისი ამალით, თავისი შვილებითა და თავისი შემწითურთ იმ ხანებში. 7 მისი ფესვიდან მორჩი ამოვა მის ადგილზე. გამოილაშქრებს ჯარის წინააღმდეგ და ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეში შეიჭრება. გაუსწორდება მათ და გაიმარჯვებს. 8 თვით მის ღმერთებსაც კი ეგვიპტეში წაასხამს ტყვედ, ჩამოსხმული კერპებითა და ოქრო-ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლეულითურთ, და წლობით ჩამოეხსნება ჩრდილოეთის მეფეს. 9 ის კი გაილაშქრებს სამხრეთის სამეფოზე, მაგრამ უკან დაბრუნდება თავის ქვეყანაში. 10 მისი ვაჟები იარაღს აისხამენ და დიდ ურდოს შეყრიან. ერთ-ერთი მათგანი წამოვა, წალეკავს და გადაივლის. მერე შემობრუნდება და მის ციხე-სიმაგრემდე იომებს. 11 გამძვინვარდება სამხრეთის მეფე და გამოვა და შეებრძოლება მას, ჩრდილოეთის მეფეს, იგი დიდ ურდოს გამოიყვანს, მაგრამ ეს ურდო მის ხელში ჩავარდება. 12 როდესაც ურდო წარიხვეტება, გადიდგულდება და ათი ათასებს დასცემს, მაგრამ ვერ გაძლიერდება. 13 რადგან ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე დიდ ურდოს შეჰყრის და რამდენიმე წლის დასასრულს მოვა დიდი ურდოთი და დიდძალი სიმდიდრით. 14 იმ ხანებში მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს და მეამბოხენი წამოიმართებიან შენი ხალხიდან ხილვის აღსასრულებლად, მაგრამ წაიფორხილებენ ისინი. 15 მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და ციხე-ქალაქს დაიპყრობს. სამხრეთის ძალები ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას და ვერც რჩეული ხალხი. აღარ იქნება ძალა წინააღმდეგობის გასაწევად. 16 თავის ნებაზე მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული და წინ ვერავინ აღუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დადგება და მის ხელში იქნება დაღუპვა. 17 განიზრახავს, რომ გაილაშქროს მთელი თავისი სამეფოს ძლიერებით და თავისი მთავრებითურთ, და შეასრულებს კიდეც. და თავის ასულს ცოლად მისცემს მას, რათა დაღუპოს, მაგრამ არ მოხდება ეს და არც მისი იქნება. 18 პირს კუნძულებისკენ იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს, მაგრამ ვინმე მთავარი აღკვეთს მის შერცხვენას, მაგრამ მისი შერცხვენა დაუბრუნდება მას. 19 ამის შემდეგ თავისი ქვეყნის ციხე-სიმაგრეებისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიფორხილებს, დაეცემა და ვეღარ იპოვნიან. 20 მის ნაცვლად ვიღაც დადგება, რომელიც გზირებს გაგზავნის მეფური ბრწყინვალებით, მაგრამ რამდენიმე დღეში დაიღუპება, თუმცა არც მრისხანებაში, არც ომში. 21 მის ნაცვლად ათვალწუნებული კაცი დადგება, რომელსაც სამეფო პატივი არ ექნება მიღებული. იგი მშვიდობიანობაში მოვა და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს. 22 წამლეკავი ურდოები წაილეკება მის წინაშე და შეიმუსრება. ასევე თვით ღთქმის მთავარიც. 23 რადგან მასთან კავშირის შეკვრის შემდეგ, მზაკვრულად იმოქმედებს, აღზევდება და გაძლიერდება ერთი მუჭა ხალხის შემწეობით. 24 მშვიდობიანობისას შეიჭრება ქვეყნის ნაყოფიერ მხარეებში და ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს არ ჩაუდენიათ. ნაალაფარს, ნაძარცვ ქონებასა და დოვლათს გაუნაწილებს თავისიანებს, ციხე-სიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ დრომდე. 25 აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ლაშქრით. სამხრეთის მეფეც დიდძალი და მეტისმეტად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მაგრამ მას ვერ გაუძლებს, რადგან ზრახვები იქნება განზრახული მის წინააღმდეგ. 26 მისი თანამეინახენი შემუსრავენ მას. წაილეკება მისი ლაშქარი და მრავალი მოკლული დაეცემა. 27 ორთავე მეფეს გულში მზაკვრობა ექნება. სიცრუეს ილაპარაკებენ ერთ სუფრაზე, მაგრამ ვერ წარემართებათ, რადგან აღსასრული კვლავ მოსასვლელია დათქმულ ჟამს. 28 დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ის თავის ქვეყანაში, მაგრამ მისი გული წმიდა აღთქმის წინააღმდეგ ექნება მიმართული. შეასრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. 29 დათქმულ ჟამს დაბრუნდება და მოვა სამხრეთში, მაგრამ პირვანდელივით არ იქნება ეს უკანასკნელი. 30 ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი, დაბრუნდება და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე და იმოქმედებს. დაბრუნდება და მიხედავს წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ. 31 წამოდგებიან მისგან ურდოები და შებილწავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და გააუქმებენ მუდმივ მსხვერპლს, და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ. 32 აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ მზაკვრობით აცდუნებს, თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგება და იმოქმედებს. 33 ჩემი ხალხიდან განბრძნობილნი კი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა კი ერთხანს ევნებიან მახვილით, ცეცხლით, ტყვეობითა და ძარცვით. 34 დაცემისას მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ და მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცურად. 35 ზოგიერთი განბრძნობილთაგანი დაეცემა, რათა გამოიბრძმედოს, გასუფთავდეს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ მოსასვლელია დათქმული დრო. 36 თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: თავს აღიზევებს და განიდიდებს ყველა ღმერთზე და საკვირველებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ, და წარმატებული იქნება გულისწყრომის დასრულებამდე, რადგან ნაბრძანები აღსრულდება. 37 იგი არც მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სანუკვარს და არც ყველა სხვა ღმერთს ჩააგდებს რამედ, რადგან ყველაზე განიდიდებს თავს. 38 სამაგიეროდ ციხე-სიმაგრეთა ღმერთს განადიდებს, ღმერთს, რომელსაც მისი მამები არ იცნობდნენ, ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს. 39 ისინი მოქმედებენ უმტკიცესი ციხე-სიმაგრეების წინააღმდეგ უცხო ღვთის შეწევნით, ვინც მას აღიარებს, დიდებას გაუმრავლებს, მრავალზე ახელმწიფებს და მიწებს დაურიგებს საზღაურად. 40 აღსასრულის ჟამს სამხრეთის მეფე შეებმება მას და ქარტეხილივით ეკვეთება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. შეიჭრება ქვეყნებში, წალეკავს და გადაივლის. 41 მივა მშვენიერ ქვეყანაში, და მრავალი მხარე დაეცემა. ესენი გადაურჩებიან მის ხელს: ედომი, მოაბი და ყამონის ძეთა დასაბამი. 42 ხელს მოუღერებს ქვეყნებს და ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება. 43 დაეპატრონება იგი ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ეგვიპტის ყველა ძვირფასეულობას. და ფეხდაფეხ მიჰყვებიან ლიბიელნი და ნუბიელნი. 44 მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაწუხებს მას და დიდი რისხვით გამოვა მრავალთა გასაწყვეტად და გასაჟლეტად. 45 დასცემს თავის სეფე-კარვებს ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიატანს თავის ბოლომდე და ვეღარავინ უშველის მას.

თავი მეათე                                                                                                                                   თავი მეთორმეტე

COMMENTS