შურიანობის მაგალითები – ბიბლიური ციტატები

დაბადება 4:5
ხოლო კაენი და მისი ძღვენი არ მოეწონა. და ძალზე გამწარდა კაენი და სახე მოეღუშა.

დაბადება 26:13-14
და გახდა ისააკი მდიდარი კაცი და უფრო და უფრო ივსებოდა ქონებით, და მეტისმეტად გამდიდრდა. და ჰყავდა მას ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.

დაბადება 31:1
და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ: ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მისი ქონებით გამდიდრდაო.

დაბადება 37:9-11
და დაესიზმრა მას კიდევ სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს და თქვა: „აჰა, კიდევ დამესიზმრა სიზმარი, რომ მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.” და როცა ეს უამბო თავის მამას და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა მას: „რა არის ეს სიზმარი, რომელიც გესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, რომ მიწამდე გცეთ თაყვანი?” შეშურდათ ძმებს მისი, ხოლო მამამისმა დაიმარხა ეს სიტყვები.

რიცხვნი 11:28-29
და მიუგო იესო ნავეს ძემ, რომელიც მოსეს მსახური იყო სიყრმიდან, და უთხრა: „ბატონო ჩემო, მოსე, შეაჩერე ისინი.“ და უთხრა მას მოსემ: „ხომ არ ეჭვიანობ ჩემს გამო? ნეტავ უფლის მთელი ხალხი წინასწარმეტყველი იყოს, და უფალი თავის სულს მათაც მოჰფენდეს.“

რიცხვნი 12:2-3
და თქვეს: „განა მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც კი არ გველაპარაკებოდა?“ და ესმა ეს უფალს. ხოლო მოსე იყო ძალზე თავმდაბალი კაცი დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანზე მეტად.

რიცხვნი 16:3
შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?

ფსალმუნები 105:16
როდესაც შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდის აარონის მიმართ,

1 მეფეთა 18:8-9
და მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები, და თქვა: „დავითს ათი ათასები მისცეს, მე კი – ათასები. მეფობაღა აკლია.” და ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.

ნეემია 2:10
და გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელმა მოხელემ, და დიდად ეწყინათ, რომ ისრაელის ძეთათვის სიკეთის საძიებლად მოვიდა კაცი.

ესთერი 5:13
და ეს ყოველივე არაფრად მიღირს მანამ, სანამ იუდაელ მორდექაის ვხედავ მეფის კარიბჭესთან მჯდარს.

ეზეკიელი 35:11
ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი: თუ არ მოგექცე შენი რისხვისა და შენი შურისამებრ, რომელიც შენი სიძულვილით გამოიჩინე მათ წინააღმდეგ; მაშინ გავცხადდები მათში, როცა მსჯავრს დაგდებ.

დანიელი 6:3-4
მაშინ სხვა მთავრებსა და სატრაპებზე მეტად გამოირჩა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელი სამეფოს მთავრად დაეყენებინა იგი. მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.

მარკოზის 15:9-10
პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“ რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი.

საქმეები 13:44-45
მომდევნო შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღმერთის სიტყვის მოსასმენად. როდესაც იუდეველებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ და უარყოფდნენ პავლეს ნათქვამს და შეურაცხყოფდნენ.

საქმეები 17:4-5
ზოგიერთმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალმა ღვთის მოშიშმა ბერძენმა, ასევე ბევრმა დიდგვაროვანმა ქალმა. გამწარდნენ იუდეველები და შურით აღივსნენ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრის მოედნიდან, შეყარეს ბრბო და აღაშფოთეს ქალაქი. მიადგნენ იასონის სახლს და ცდილობდნენ მათ გამოყვანას ხალხის წინაშე.


მსგავსი თემები:

შური