HomeUncategorized

ნეემია 2

ძველი აღთქმა
ნეემია

21 და ერთხელ, ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. და ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; და თითქოს არ ვიყავი მწუხარე მის წინაშე, 2 მაგრამ მკითხა მეფემ: „რატომა გაქვს სახე სევდიანი, ავად რომ არა ხარ? ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა სევდა გულისა?” და ძალზე შევშინდი. 3 და ვუთხარი მეფეს: „იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სახე სევდიანი, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების საფლავები მეგულება, დანგრეულია და კარიბჭენი მისი ცეცხლშია დაბუგული?” 4 და მითხრა მეფემ: „რას ითხოვ?” და ვილოცე ცათა ღვთის მიმართ 5 და ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს და, თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენს წინაშე, მაშინ გამიშვი იუდაში, ჩემი მამების საფლავთა ქალაქში, და ხელახლა გავაშენებ მას.” 6 და მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალიც ეჯდა გვერდით: „რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?” და მოეწონა მეფეს ჩემი გაგზავნა და გამიშვა, და მე დავუთქვი დრო. 7 და ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს, წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა მათ გზა მომცენ, ვიდრე იუდას ქვეყანაში მივიდოდე. 8 და ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეებისათვის, რომელიც ღვთის სახლთანაა და ქალაქის კედლისათვის და სახლისათვის, რომელშიც შევალ.” და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე. 9 და მივედი მდინარისგაღმელ განმგებლებთან და გადავეცი მეფის წერილები. მეფემ მხედარმთავრები და მხედრები გამომაყოლა. 10 და გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელმა მოხელემ, და დიდად ეწყინათ, რომ ისრაელის ძეთათვის სიკეთის საძიებლად მოვიდა კაცი. 11 და მივედი იერუსალიმში, და ვიყავი იქ სამი დღე. 12 და ავდექი ღამით რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის არ მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ღმერთმა გულში იერუსალიმისათვის, და არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რომელზეც მე ვიჯექი. 13 და გავედი ღამით ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისაკენ, და დავათვალიერე იერუსალიმის დარღვეული კედლები, მისი ცეცხლში გადაბუგული კარიბჭეები. 14 და გავიარე წყაროს კარიბჭისა და მეფის აუზისაკენ, თუმცა არ იყო ადგილი, რომ იმ პირუტყვს გაევლო, რომელზეც ვიჯექი. 15 და ასე ავუყევი ღამით ხევს, დავათვალიერე კედელი, უკან გამოვბრუნდი, მივედი ხევის კარიბჭესთან, და შინ დავბრუნდი. 16 ქალაქის მოხელეებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებელთ ჯერ არ ვუმხელდი. 17 და მხოლოდ ვუთხარი: „თქვენ ხედავთ, რა უბედურ დღეში ვართ, როგორაა იერუსალიმი მოოხრებული და როგორ არის ცეცხლში დაბუგული მისი კარიბჭენი; წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი. 18 და ვაუწყე მათ ჩემი ღვთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, მეფეს რომ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი. და თქვეს: „ავდგეთ და ავაშენოთ!” ხელი განიმტკიცეს სასიკეთოდ. 19 და გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელმა მოხელემ, და გეშემ არაბმა, და დაგვცინეს, აბუჩად აგვიგდეს და თქვეს: „ამას რას შვრებით? მეფეს უჯანყდებით?” 20 და ვუპასუხე მათ და ვუთხარი: „ღმერთი ზეცათა, ის შეგვეწევა ჩვენ. და ჩვენ, მსახურნი მისი, ავდგებით და ავაშენებთ! თქვენ არა გაქვთ წილი, მოწყალება და სახსენებელი იერუსალიმში!”

თავი პირველი                                                                                                                                              თავი მესამე

COMMENTS