მეორე რჯული 31:24-26
და როცა დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში, უბრძანა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, ასე: „აიღეთ ეს რჯულის წიგნი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით და იყოს იქ მოწმედ შენს წინააღმდეგ.
მეორე რჯული 28:58-61
თუ არ დაიცავ შესასრულებლად ამ რჯულის ყოველ სიტყვას, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი, რათა გაშინებდეს ეს დიდებული და საშინელი სახელი: უფალი, ღმერთი შენი, უფალი შეგყრის შენ და შენს შთამომავლობას გაუგონარ წყლულს, დიდ და უკურნებელ წყლულებს, ბოროტ და უკურნებელ სნეულებებს. და შემოგიქცევს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისაც გეშინოდა, და შეგეყრება. აგრეთვე ყველა სნეულებასა და წყლულს, რომელიც არ სწერია ამ რჯულის წიგნში, მოგივლენს უფალი, სანამ არ მოისპობი.
მეორე რჯული 29:18-21
ნუ იქნება თქვენს შორის კაცი ან დედაკაცი, ან საგვარეულო, ან ტომი, რომლის გულიც მიიქცევა დღეს უფლისაგან, ჩვენი ღმერთისაგან, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი შხამისა და აბზინდის გამომღები, ისეთი კაცი, რომელიც როცა მოისმენს ამ წყევლის სიტყვებს, გულში თავს იკურთხებს და იტყვის: „მშვიდობა მექნება, თუმცა ჩემი გულის ნებაზე დავდივარ”, და ამგვარად დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპება. არ ინდომებს უფალი მის პატიებას, რადგან აღეგზნება მაშინ უფლის რისხვა და მისი შური იმ კაცზე, და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, და წაშლის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან. და გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.
მეორე რჯული 30:10
თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა მისი მცნებანი და მისი წესები, რომლებიც ჩაწერილია ამ რჯულის წიგნში, და თუ დაუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით.
იესო ნავეს ძე 1:7-8
ოღონდ გამაგრდი და ძალზე განმტკიცდი, რათა დაიცვა შესასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გიბრძანა შენ მოსემ, ჩემმა მსახურმა. ნუ გადაუხვევ მისგან მარცხნივ ან მარჯვნივ, რათა ყველგან ხელი მოგემართოს, სადაც კი წახვალ. ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეებს; მასზე ფიქრობდე დღე და ღამ, რათა დაიცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ სწერია, რადგან მაშინ წარგემართება შენ გზები და მოგემართება ხელი.
იესო ნავეს ძე 8:30-31
მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე, როგორც უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელიანებს. და ააგო ისე, როგორც ეს სწერია მოსეს რჯულის წიგნში, სამსხვერპლო მთლიანი ქვებისგან, რომელსაც არ მოღერებია კვერი. და აღუვლინეს მასზე სრულადდასაწველები უფალს, და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი.
იესო ნავეს ძე 23:6
და ძალზე განმტკიცდით, რათა დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი. არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,
იესო ნავეს ძე 24:26
და ჩაწერა იესომ ეს სიტყვები ღვთის რჯულის წიგნში, და აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
4 მეფეთა 14:6
მკვლელების შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: „არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო, და შვილები მამათა გამო არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისათვის უნდა მოკვდეს.”
2 ნეშტთა 17:9
და მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. და მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი.
4 მეფეთა 22:8-16
და უთხრა ხილკიაჰუ მღვდელმთავარმა შაფან მწერალს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში.” მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან. და მივიდა შაფან მწერალი მეფესთან და მოახსენა ამბავი. და უთხრა: „გადმოყარეს შენმა მსახურებმა უფლის სახლში ნაპოვნი ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი.” და ამცნო შაფან მწერალმა მეფეს: „წიგნი მომცა მღვდელმა ხილკიაჰუმ.” და წაიკითხა მეფის წინაშე, და როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, შემოიხია ტანსაცმელი. უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწერალს და ყასაიას, მეფის მსახურს: „წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ერზე და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო. დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს, რაც მათთვის იყო დაწერილი.” და მივიდნენ ხილკიაჰუ მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა, და დაელაპარაკნენ მას. უთხრა ქალმა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას მოვუვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა, იუდას მეფეს რომ წაუკითხავს,
ნეემია 8
და შეიკრიბა მთელი ერი, როგორც ერთი კაცი, იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ იყო, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც გამოუცხადა უფალმა ისრაელს. და მოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა მამაკაცებისაგან, დედაკაცებისაგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა, ეს იყო მეშვიდე თვის პირველ დღეს. და კითხულობდა მას მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, განთიადიდან შუადღემდე, მამაკაცთა და დედაკაცთა და გამგებთა წინაშე; და ყურთასმენა მთელი ერისა მიპყრობილი იყო რჯულის წიგნზე. და იდგა ეზრა მწიგნობარი ხის კვარცხლბეკზე, რომელიც ამ ამბის გამო გაემართათ. გვერდში ედგნენ მათითია, შემა, ყანაია, ურია, ხილკია და ზაქარია და მეშულამი და მაყასეია – მის მარჯვნივ; ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა კი – მის მარცხნივ. და გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან ის მთელ ხალხზე მაღლა იდგა; და როდესაც გახსნა იგი, მთელი ხალხი წამოუდგა. და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდი ღმერთი და მიუგო მთელმა ხალხმა: „ამინ! ამინ!” აღპყრობილი ხელებით; მერე მათ მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს უფალს მიწაზე დამხობილებმა. და იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე. და კითხულობდნენ ისინი წიგნიდან, ღვთის რჯულიდან, გარკვევით, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს. და ნეემიამ, განმგებელმა და ეზრამ, მღვდელმა და მწიგნობარმა, და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, განუცხადეს მთელ ერს: „ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღვთისათვის, ნუ გლოვობთ და ნუ ტირით!” რადგან მთელი ხალხი ტიროდა, რჯულის სიტყვებს რომ ისმენდა. და უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი და იქიდან წილობები იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; და ნუ სწუხხართ, რადგან სიხარული უფლის წინაშე სიმტკიცეა თქვენი.” და ლევიანები აწყნარებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: „დაწყნარდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხხართ.” და წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, და წილობების დასაგზავნად და დიდი მხიარულების საყოფად, რადგან შეისმინეს სიტყვები, მათ რომ აუწყეს. და მეორე დღეს ეზრა მწიგნობართან მოიყარეს თავი მთელი ხალხის მამისსახლთა თავკაცებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა, რათა მათთვის აეხსნა რჯულის სიტყვები. და ნახეს დაწერილი რჯულში, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს ხელით, რომ ისრაელის ძეთ კარვებში ეცხოვრათ მეშვიდე თვის დღესასწაულისას, და რომ გამოეცხადებინათ და ასეთი ხმა დაერხიათ ყველა თავიანთ ქალაქში და იერუსალიმში: „გადით მთაზე და მოიტანეთ ბაღის ზეთისხილის რტოები, ღვიის რტოები და პალმის რტოები, და სხვა ხეების რტოები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით.” და გავიდა ხალხი და მოიტანა და გაიკეთა თავისთვის კარვები – თითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე. და გადანასახლებმა მთელმა კრებულმა გააკეთა კარვები და დასახლდა მათში, რადგან იესო ნავეს ძის დღეთაგან იმ დღემდე არ გაუკეთებიათ ასე ისრაელის ძეთ, და იყო ძალზე დიდი სიხარული. დღითიდღე კითხულობდა იგი ღვთის რჯულის წიგნს – პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი საზეიმო შეკრებულობა ჰქონდათ, წესისამებრ.
ნეემია 9:3
და იდგნენ თავიანთ ადგილებზე და კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს მეოთხედი დღე, მეორე მეოთხედი დღე კი აღსარებას ამბობდნენ, და თაყვანსა სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
მეორე რჯული 27:26
‘წყეულიმც იყოს, ვინც არ დაუდგება ამ რჯულის სიტყვებს მათ შესასრულებლად!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’”
გალატელთა 3:10
ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი, ვინც არ შეასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს.”