4 მეფეთა 14

მაისი 13, 2015
ძველი აღთქმა
4 მეფეთა
141 ისრაელის მეფის იოაშ იეჰოახაზის ძის მეორე წელს გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე. 2 ოცდახუთი წლისა იყო, რომ გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი, იერუსალიმიდან. 3 აკეთებდა სწორს უფლის თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი მამა დავითი. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც იოაში, მამამისი. 4 ოღონდ გორაკები არ იყო ჯერ კიდევ გაუქმებული. და გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. 5 და როცა ხელში გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მსახურები, რომელთაც მოკლეს მეფე, მისი მამა. 6 მკვლელების შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: „არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო, და შვილები მამათა გამო არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისათვის უნდა მოკვდეს.” 7 მან სძლია ედომელებს მარილოვან ველზე, ათი ათას კაცს, და ბრძოლით აიღო სელაყი და უწოდა სახელად იოკთეელი, როგორც დღემდე რჩება. 8 მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები იოაშს, იეჰოახაზ იეჰუს ძის ძეს, ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: „მოდი, შევხვდეთ პირისპირ.” 9 და შეუთვალა იოაშ ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: „ლიბანის ეკალმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ‘ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს.’ მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა ეკალი. 10 დაგიმარცხებია ედომი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც – შენთან ერთად.” 11 და ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ. მაშინ გამოვიდა იოაშ ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ, ის და ამაციაჰუ, იუდას მეფე ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის. 12 და დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ. 13 ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ძე, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. და დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე. 14 და წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში ინახებოდა, და აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას. 15 იოაშის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, რომ ესხმოდა ამაციაჰუს, იუდას მეფეს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 16 და განისვენა იოაშმა თავის მამებთან და დაიმარხა სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით, და მის ნაცვლად მისი ძე იერობყამი გამეფდა. 17 ისრაელის მეფის იოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ. 18 ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 19 აუჯანყდნენ მას იერუსალიმში და თავი შეაფარა მან ლაქიშს. და მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს. 20 და წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს იერუსალიმში თავის მამათა გვერდით, დავითის ქალაქში. 21 გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყაზარია, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს, ნაცვლად გაამეფეს. 22 მან აღადგინა ელათი და დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ თავის მამებთან. 23 იუდას მეფის ამაციაჰუს, იოაშის ძის, მეთხუთმეტე წელს გამეფდა იერობყამი, იოაშის ძე, ისრაელის მეფე, სამარიაში და იმეფა ორმოცდაერთი წელი. 24 ბოროტს აკეთებდა იგი უფლის თვალში და არ მიუტოვებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვები, რომელმაც აცთუნა ისრაელი. 25 მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან ყერაბას ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მსახურის, გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის ხელით. 26 რადგან დაინახა უფალმა ისრაელის გაჭირვება, ძალზე მწარე. და არ დარჩენილა არც ყმა და არც აზატი, და არ ჰყავდა შემწე ისრაელს. 27 და არ ინება უფალმა ისრაელის სახსენებლის ამოძირკვა ცისქვეშეთიდან და იერობყამ იოაშის ძის ხელით იხსნა იგი. 28 იერობყამის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, რომ იბრძოდა და ისრაელს დაუბრუნა იუდას კუთვნილი დამასკო და ხამათი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 29 და განისვენა იერობყამმა თავის მამებთან, ისრაელის მეფეებთან, და მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.
თავი მეცამეტე                                                                                                                            თავი მეთხუთმე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close