ფსალმუნები 61:10
ნუ დაამყარებთ იმედს მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ.
ესაია 10:1-2
ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები.
ეზეკიელი 22:13
და, აჰა, ჩემი ხელით წარვხოცავ ძარცვით შეძენილს და შენს სისხლს, რომელიც შენს წიაღში დაიღვარა.
მათეს 23:25
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ მტაცებლობითა და თავაშვებულებით.
1 კორინთელთა 5:10-11
არ მიგულისხმია ამ ქვეყნიერების გარყვნილები, ხარბები, მტაცებლები ან კერპთაყვანისმცემლები, რადგან მაშინ თქვენც მოგიწევდათ ამ ქვეყნიერებიდან გასვლა. არამედ გწერდით, რომ არ გქონოდათ კავშირი იმათთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაინც გარყვნილია, ან ხარბია, ან კერპთაყვანისმცემელია, ან მაგინებელია, ან ლოთია, ან მტაცებელია; ასეთებთან არც კი ჭამოთ.
ლუკას 3:13-14
ხოლო მან უპასუხა: „თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს მოითხოვთ”. ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთ”.
დაბადება 47:13-26
და არ იყო პური მთელ ქვეყანაზე, რადგან ფრიად გაძლიერდა შიმშილი. დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან. შეკრიბა იოსებმა მთელი ფული, რომელიც მარცვლეულის გაყიდვით შემოდიოდა და მოხვეჭილი ვერცხლი ფარაონის სახლში შეიტანა. და გამოილია ფული ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: „მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე იმის გამო, რომ ვერცხლი გამოგველია?!” უთხრა მათ იოსებმა: „მოასხით თქვენი საქონელი და საქონლის ფასად მოგცემთ, ფული თუ გამოგელიათ”. მოასხეს საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებისა და ცხვრის ფარების, ნახირისა და სახედრების სანაცვლოდ; კვებავდა მათ იოსები პურით იმ წლის განმავლობაში მთელი მათი პირუტყვის სანაცვლოდ. გავიდა ის წელი; მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: „არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა: არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა. რად დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურის საფასურში და ვიქნებით ფარაონის მონები. მოგვეცი მარცვალი, რათა ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ და არ გაუკაცრიელდეს მიწა”. და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი ყანა აუტანელი შიმშილის გამო და გახდა მიწა ფარაონისა. მონებად აქცია ხალხი ქალაქებში – ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან იყო დაწესებული ქურუმთათვის ნაკვეთები; თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც ფარაონმა მისცა მათ. ამიტომ არ გაყიდეს თავიანთი მიწები. უთხრა იოსებმა ხალხს: „აჰა, გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენს მიწებთან ერთად. აი, თესლი თქვენთვის, დათესეთ მიწა. მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, და ოთხი წილი კი მინდვრის დასათესად, თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად დაიტოვეთ”. თქვეს: „სიცოცხლე შეგვინარჩუნე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავუხდებით ფარაონს მონებად”. დღემდე იოსების დადგენილი წესია ეგვიპტის მიწაზე: მოსავლის მეხუთედი ფარაონისაა; მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
ეზეკიელი 22:12
ქრთამებს იღებენ თქვენში, რათა სისხლი დაღვარონ; ვახშსა და სარგებელს იღებენ და ძალადობით ყვლეფ შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე! – ამბობს უფალი ღმერთი. –
ამოსი 5:11
რაკი დიდ ხარკს ახდევინებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ იცხოვრებთ იქ; საუცხოო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევთ.
მათეს 18:28-33
ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?