Homeბიბლიაახალი აღთქმა

1 კორინთელთა 5

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
სასჯელი გარყვნილებისათვის

51 ხმა დადის საერთოდ, რომ მრუშობაა თქვენში, თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს. 2 და თქვენ კიდეც ქედმაღლობთ იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ, რათა მოიკვეთოს თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი. 3 თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. უკვე მსჯავრი დავდე მას, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა. 4 ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით,  როცა შეიკრიბებით ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით, 5 ასეთი კაცი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს. 6 არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუარებს? 7 განწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც ხმიადები ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა. 8 ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით.
   9 წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარყვნილ ხალხთან. 10 არა მარტო ამ სოფლის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, ვინაიდან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით სოფელს. 11 არამედ გწერდით თქვენ, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ. 12 ვინაიდან მე რატომ განვიკითხო გარეშეები? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ? 13 გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენგან.

თავი მეოთხე                                                                                                                                          თავი მეექვსე

COMMENTS