ფორმალობა ბიბლიის მუხლები

ესაია 29:13
და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.

ეკლესიასტე 5:1
დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როდესაც ღვთის სახლისაკენ მიემართები, უმჯობესია მოსასმენად მიეახლო, ვიდრე უგუნურთა მსხვერპლი შესწირო, რადგან არ იციან მათ, ბოროტს რომ სჩადიან.

ოსია 6:6
რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, ღვთის შემეცნება და არა სრულადდასაწველნი.

მიქა 6:6-7 
რით წარვდგე უფლის წინაშე და ვეთაყვანო მაღალ ღმერთს? ყოვლადდასაწველი ერთწლიანი ხბორებით ხომ არ მივეახლო? განა ეამება უფალს ათასობით ვერძი, თუნდაც ზეთის ათი ათასი ნაკადული? ჩემი პირმშო ხომ არ მივცე ჩემი დანაშაულისთვის? ნაყოფი ჩემი მუცლისა, ჩემი სულის შეცოდებისათვის?

ესაია 1:13
აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან – ურჯულოებას და დღესასწაულს!

ფსალმუნები 50:16-17
რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო და სრულადდასაწველს არ ინებებ. შესაწირი ღმერთისა – სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.

მათეს 11:7-9
ისინი რომ წავიდნენ, იესომ იოანეზე დაუწყო ხალხს ლაპარაკი: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა? აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკი ტანსაცმლით შემოსილნი მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. მაშ, რიღასთვის გამოხვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? დიახ, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც.

მათეს 15:1-3
მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობრები და უთხრეს: „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას”. მიუგო მათ პასუხად: „თქვენ რაღატომ არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემების გამო?

მათეს 23:23
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში – სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.

კოლოსელთა 2:20
თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით წუთისოფლის სტიქიებს, წუთისოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ:

2 ტიმოთეს 3:1-5
ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი, გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე.

რომაელთა 2:17-29
აჰა, შენ გქვია იუდეველი, და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით, იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი. და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის, უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების სახე აქვს რჯულში. როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი? ჰქადაგებ – არ მოიპაროო, – და იპარავ! ამბობ – არ იმრუშოო, – და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?! რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს უპატიოჰყოფ. რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში. ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობად იქცა. მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით, რჯულის დამრღვევს. ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე. არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.